BMW-ს ელექტრომობილით კახეთში
BMW-ს ელექტრომობილით კახეთში
06.04.2015
თავგადასავლებით აღსავსე მოგზაურობა შტუტგარტიდან თელავამდე

გივი ძია ძრავის ბლოკს ვერ პოულობს. ასაკში შესულმა ქართველმა უკვე თითქმის ყველაფერი გახსნა და ყველგან შეიხედა, BMW i3 ქვემოდანაც დაკვირვებით შეათვალიერა, მაგრამ უშედეგოდ! სადაა ”მატორი”? თელავში ასეთი მანქანა ცოცხლად არ უნახავთ. აქ, საქართველოს ამ მშვენიერ პატარა ქალაქში, რომელიც შავი და კასპიის ზღვებს შორის მდებარეობს, ძირითადად მოძველებულ BMW-ებსა და ”მერსედესებს” შეხვდებით - თანაც, შავებს. დასავლური ელექტრომობილი კი აქ უცხოპლანეტელივითაა. გივის ძმისწული ბიძამისს დამცინავი სახით ეუბნება: ”ელექტრო-მატორი აქვს, ბიძაჩემო!” - ამბობს თემო მარგალიტაშვილი.

ეს უკანასკნელი 39 წლისაა და თელავში ახლახან, თავის ძმაკაც ალან ჰაჯიოსთან ერთად შტუტგარტიდან ჩამოვიდა. ალანმა და თემომ 4200 კილომეტრი 65 საათში, nonstop-რეჟიმში გამოიარეს - მხოლოდ მანქანის გასამართად ჩერდებოდნენ - ვერაფერს იტყვი, გადასარევი მოგზაურობა გამოუვიდათ.

Auto Bild
შესვენება აბანოებთან: BMW i3 თბილისში

ამ ავტომობილს, რომელიც ხანგრძლივ ტესტშია ჩართული და რომლითაც AUTO BILD-მა ამ ორ ადამიანს აღმოსავლეთ ევროპაში მოგზაურობა დაავალა, ე.წ. Range Extender, ანუ, დისტანციის გასაფართოებელი აქვს პატარა შიგაწვის ძრავით და გენერატორი, რომლის მეშვეობითაც ქალაქის ელექტრომობილს ჩვეულებრივზე მეტი მანძილის გავლა შეუძლია.

”რა თქმა უნდა, კარგად ვიცით, რომ ეს ავტომობილი შორ გზაზე სამგზავროდ არ შექმნილა, - ამბობს ალან ჰაჯიო, - მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს BMW i3-ის ჰამბურგელ მფლობელსაც მოუნდება ამ მანქანით შვებულებაში გამგზავრება - მაგალითად, საფრანგეთში.” ამგვარად მომზადებულ ელექტრომობილ BMW i3-ს გამართვიდან გამართვამდე მაქსიმუმ 300 კილომეტრის გავლა შეუძლიაო, გვპირდებიან ბავარიელები, თუმცა ეს ჯერ კიდევ თეორიაა.

Auto Bild
რუმინეთი: თემო მარგალიტაშვილი ელექტრომობილში საწვავს ასხამს

პრაქტიკაში კი, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, ყველაფერი სხვაგვარადაა. თუ გზად ელექტრომობილისთვის განკუთვნილი გასამართი სადგური არ შეგხვდა, არსებობს ბენზინის ავზიც, თუმცა ის მხოლოდ და მხოლოდ 9-ლიტრიანია და ამით შორს ნაღდად ვერ წახვალ. ასე რომ, თავგადასავლების მოყვარულ ბიჭებს, ალანსა და თემოს 120-ჯერ მაინც მოუწევდათ საწვავის ჩასხმა. ”ჰო, მაგრამ ამდენი სადგური აქეთ ნაღდად არ იქნებოდა,” - ჰაჯიომ იცოდა, სადაც მოდიოდა და ამიტომაც შეიძინა ექვსი ცალი 5-ლიტრიანი კანისტრა. ”ამით ის მაინც მოვახერხე, რომ მართალია, 100-ზე მეტჯერ შევავსე ავზი, მაგრამ საერთო ჯამში მხოლოდ 20 ბენზინგასამართ სადგურზე გავჩერდი,” - დასძენს ჰაჯიო.

ამ ყველაფრის მთავარი მინუსი ის იყო, რომ მანქანაში სულ ბენზინის სუნი იდგა. ამიტომაც, ფანჯარა ყოველთვის ღია ჰქონდათ და თან ქურთუკებიც ეცვათ, რადგან გათბობის ჩართვა პირდაპირ ბატარეას ურტყამდა და გასავლელ მანძილს ამცირებდა.

Auto BildAuto Bild
მოგზაურებს კანისტრები მუდამ სავსე ჰქონდათ. მიაყენებდნენ გზის პირას და ხელით ასხამდნენ

ბენზინგასამართ სადგურებზე პიტსტოპები უფრო მეტი იქნებოდა, ამ i3-ს უკან, შტუტგარტამდე უპრობლემოდ რომ ჩამოეღწია და ბულგარეთის ქალაქ ველიკო ტარნოვოში კახური ვირივით რომ არ დამდგარიყო. მომხდარი, სავარაუდოდ, დაზიანებული კაბელის ბრალია. ფაქტი ის არის, რომ დიაგნოსტიკის აპარატი ”გაყვანილობის წყვეტას” გვიწერს. მოგვიანებით, BMW-ს პროფებმა მიუნხენში მთელი Range Extender ამოიღეს, ნაწილებად დაშალეს და შეცდომას ეძებდნენ - ამ ამბიდან უკვე 3 კვირა გავიდა და მიზეზი ჯერაც არ უპოვნიათ. შესაძლოა, Range Extender-ს დაბინძურებულმა საწვავმა ”ყოფა უტირა”. თელავში ასე იტყოდნენ.

Auto Bild
იშვიათი ფოტო: ქალაქის ელექტრომობილი საქართველოს ავტობანზე. თეირანამდე კი სულ რაღაც 1290 კილომეტრია

მანქანა რომ გაუჩერდათ, ალანმა და თემომ მთელი ღამე ყინვაში გაატარეს - მანქანაში მინუს სამი გრადუსი იყო - ევაკუატორმა მათთვის მხოლოდ მეორე დილას მოიცალა.

თუმცა ტექნიკის ამ კოლაფსს თავისი პლუსიც აქვს. გაფუჭებული i3 BMW-ს ბუქარესტის ცენტრში მიიყვანეს და საშუალება მიეცათ, რუმინეთის დედაქალაქი დაეთვალიერებინათ. ”შესანიშნავი ქალაქია, - ამბობენ ალანი და თემო, - რომ არ გაფუჭებულიყო, ბუქარესტში ხომ არ გავჩერდებოდით?”

მაგალითად, ასე იყო სტამბულშიც, სადაც ბოსფორის ხიდზე დილის სამ საათზე გაიარეს და ძალიან მოუნდათ მეგაპოლისში გაჩერება, მაგრამ nonstop-რეჟიმი აუცილებელი იყო და მხოლოდ იმით შემოიფარგლნენ, რომ ღამის სტამბულში ხეირიანად იმოგზაურეს - ყოველგვარი საცობების გარეშე. ინტენსიურად ათვალიერეს თურქეთის მეგაპოლისი და მერე საქართველოსკენ აიღეს გეზი.

Auto Bild
წმინდა წყალი! საქართველო განთქმულია მინერალური წყლებით, ამ ადგილზე კი (კახეთი, გომბორი, შუა მთის წყარო), ასეთი წყალი უფასოდ ”იშოვება”!

”მთელ გზაზე ყველაზე მეტად საქართველოში ვისიამოვნეთ. თუ გზა კარგია, მოსახვევებიან ტრასაზე i3-ის მართვა მართლაც სიამოვნებაა. უბრალოდ, უკეთესი იქნებოდა, რომ მეტი სიმძლავრე ჰქონდეს და, მთლად უკეთესი იქნებოდა, 9-ლიტრიანის ნაცვლად, 15 ან 20-ლიტრიანი ავზი რომ ჰქონდეს,” - ამბობს ალან ჰაჯიო. მისი თქმით, უკუსვლის კამერა სერიულ კომპლექტაციაში აჯობებდა - უკან ხილვადობა არ ვარგაო. სხვამხრივ, პილოტი ალანი და კოპილოტი თემო BMW-ს ელექტრომობილის კომფორტს შორ გზაზე მგზავრობისას არ უჩივიან.

Auto BildAuto Bild
ყველაფერი წესრიგშია? თელავში BMW i3 შევამოწმეთ. რა შუაშია ელექტრომობილთან ზეთის შემოწმება? Range Extender-ს ზეთი, რა თქმა უნდა, სჭირდება

Auto Bild
აქ გაათია ღამე BMW i3-მა თელავში. საქართველოში და ზოგადად აღმოსავლეთ ევროპაში ასეთი ავტომობილები უდიდესი იშვიათობაა. იქ 90-იანი წლების შავი სედანები და ახალი ყველგანმავლები ჭარბობენ. უმრავლესობა BMW და ”მერსედესია”

ერთ ადგილზე მანქანისთვის დენი სულაც უფასოდ მიიღეს - მართალია, ნახევარსაათიანი დამუხტვის შემდეგ მხოლოდ 15 კილომეტრს თუ გაივლი, მაგრამ ესეც საქმეა და თანაც, ამ მოგზაურობაში თითოეულ მეტრს მნიშვნელობა ჰქონდა. პრობლემა კი ბულგარეთში შეექმნათ, სადაც, ბენზინგასამართ სადგურზე ამაყად კი ეწერათ, რომ საკრედიტო ბარათით გადახდაც შეიძლებოდა, მაგრამ სინამდვილე სხვანაირი აღმოჩნდა. თუმცა გამოსავალი მაინც იპოვნეს - თემოს იდეით, გასამართ სადგურზე თავიანთი პასპორტები დატოვეს, რის შემდეგაც ღამით ბულგარეთის სოფლები მოიარეს და მაინც მიაგნეს ბანკომატს, რომელმაც ფულები ჩამოყაჭა.

ალანი ამბობს, მომდევნო მოგზაურობისას ნაღდ ფულს ბლომად წავიღებო. მომდევნო მოგზაურობა? დიახ, ალანი BMW i3-ით ახლა მონღოლეთში წასვლას გეგმავს.

დასკვნა
BMW i3 შორ გზაზე მოგზაურობისთვის, რა თქმა უნდა, არ შეუქმნიათ. ამიტომაც გამოვიდა ეს ტური საკმაოდ ექსტრემალური და სწორედ ამით იყო ის ყველაზე საინტერესო. თუ არ ჩავთვლით ტექნიკურ დეფექტს და ძალიან პატარა ავზს, ეს მშვენიერი ელექტრომობილია.
ალან ჰაჯიო

Auto Bild
თემო მარგალიტაშვილი და ალან ჰაჯიო. შტუტგარტი-თელავი-შტუტგარტი

Auto Bild
რუმინეთში ბიჭებს ეს რესტორანი დაკეტილი დახვდათ და გზა მშივრებმა განაგრძეს

Auto Bild
ისევ დენი, როგორც იქნა! i3 ბიჭებმა პროფილაქტიკაში დამუხტეს, რის შემდეგაც მაქსიმუმ 160 კილომეტრს გაივლის

Auto Bild
შესვენება თბილისში, სასტუმროს წინ. მაგრამ ბიჭებს სასტუმროებში არ ეძინათ, nonstop-რეჟიმში მოგზაურობდნენ

Auto Bild
ავზი 118-ჯერ შეავსო: ალან ჰაჯიომ გზად კანისტრებიც წამოიღო, რადგან ავზი მხოლოდ 9-ლიტრიანია

Auto Bild
BMW i3 უკანა გზაზე, ბულგარეთის ქალაქ ველიკო ტარნოვოში გაფუჭდა.

Auto Bild
მომხდარი ან ერთ-ერთი კაბელის ბრალია, ანაც უხარისხო ბენზინის


Auto Bild
ალან ჰაჯიო

Auto Bild
ფანჯარა ბრწყინვალე ხედით: ეს ფოტო თელავშია გადაღებული

ასევე დაგაინტერესებთ:

ამერიკის ყველაზე საშიში ქალაქის ყველაზე საშიშ უბანში...
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
BMW,
article image
2016-09-29 08:36:51
სექტემბრის დასაწყისში ”ლენდ როვერმა” ახალი, რიგით მეხუთე თაობის Discovery-ს პირველი ოფიციალური ფოტოთი დაგვაინტრიგა, ახლა კი თქვენ წინაშეა ახალი ”დისკო” ყველა რაკურსით
article image
Cat Image
2016-09-28 10:11:05
მიესალმეთ ახალ, საუკეთესო 911-ს და მის თანაკონცერნელ ძმას
article image
Cat Image
2016-09-23 08:52:57
”მერსედეს-მაიბახში” ზუსტად იციან, რაზე ოცნებობენ მსოფლიოს უმდიდრესი დიქტატორები, ამას წინათ ახალი გრანდიოზული პროექტი დააანონსეს და სიტყვას საქმეც მოაყოლეს
სხვა სიახლეები
06.04.2015
ნახევარი საუკუნე სიცარიელეში - პაკარდის ქარხნის ნანგრევები დეტროიტში
სრულად
16.02.2015
ყველაზე დიდი მაკეტი მსოფლიოში, რომელსაც ახალი ”სმარტიც” დაემატა
სრულად
06.02.2015
მილიონერმა თავის პატარა ქალიშვილს წარმოუდგენელი საექსპედიციო ავტომობილი გაუკეთა. ჩვენ ეს მანქანა ვნახეთ
სრულად
ახალი ნომერი