ახალი Audi R8 და ჩემი 24 წუთი ლე მანზე
ახალი Audi R8 და ჩემი 24 წუთი ლე მანზე
19.08.2015
ახალი Audi R8, პირველი ტესტი: 5,2-ლიტრიანი, 10-ცილინდრიანი, 610 ცხენის ძალით!

TSJDHJFHKSSK. უკაცრავად, კლავიატურაზე მუშაობა მიჭირს. არცაა ადვილი, როცა თითები გიკანკალებს. რამდენიმე წუთია, რაც ახალი Audi R8 გავტესტე. პირველი წრე დავარტყი ტრეკზე. მარტო ამას ვიტყვი: 5,2-ლიტრიანი, 10-ცილინდრიანი ძრავა, 610 ცხენის ძალა. ეს იყო ჩემი 24 წუთი ლე მანზე. დიახ, ლე მანზე!

ახლა ალბათ იტყვით, რომელი ახალი Audi R8, ეგ ხომ ისე გამოიყურება, როგორც წინამორბედიო. დიახ, თქვენ ცოტათი მართალი ხართ. მაგრამ განა Porsche 911-იც ყოველთვის Porsche 911 არ არის? ასე რომ, კიდევ ერთხელ: არა ფეისლიფტი, არამედ ახალი ავტომობილი. და მერე როგორი!

Auto Bild
AUTO BILD-ის ავტორი რობინ ჰორნიგი ახალ Audi R8-ში, რომელიც სექტემბერში გამოვა. AUTO BILD-მა ახალ R8-ს 24-საათიანი რბოლის წინ, 24-წუთიანი ტესტი ჩაუტარა

ჯერ მარტო შიშველ ციფრებს შეხედეთ: თავისი 610 ცხენის ძალით, ახალი R8 წინა მოდელის Final Edition-ზე 40 ცხენის ძალით მძლავრია. ამასთან, ამ ბოლიდმა წონაში 50 კილოგრამიც დაიკლო. და აქვე უნდა აღინიშნოს მძღოლზე ორიენტირებული ვირტუალური კოკპიტი თავისი კონფიგურირებადი 12,3-დუიმიანი ეკრანით იქ, სადაც კომბიინსტრუმენტი უნდა იყოს. გასაგებია, რომ ამას TT-დან იცნობთ, TT-ს ასეთ ტრეკზე და ასეთ გარემოში ტრეკზე შანსი არ ჰქონია.

წავედით. ტვინი პირველივე წამებიდან შველას ითხოვს! 6500 ბრუნზე ბეჯითი ატმოსფერული V10 ისეთ ზეიმს იწყებს, თითქოს ხვალინდელი დღე აღარ არსებობდეს, თითქოს დღეს მთავრდება ყველაფერი. 560-ნიუტონმეტრიანი ბრუნის მომენტი უნდა ვახსენო და თქვენ უკვე მიხვდებით, რომ ეს ძალიან ბოროტი აგრეგატია! საჭიროების შემთხვევაში სრული ამძრაობა ამძრაობის მომენტების განაწილებას არეგულირებს და, მაგალითად, შეუძლია, რომ მოსახვევიდან გამოსვლისას ას პროცენტამდე უკანა ხიდს გადააწოდოს. ზურგსუკან ათცილინდრიანი ძრავა გუგუნებს, ტრაპეციის ფორმის მაყუჩებიდან კი, დაბლა გადართვის დროს აფეთქების ისეთი ხმები გამოიცემა, ახალი წლის ღამეს, 12 საათზე რომ გესმით ხოლმე. ჰო, ჰო, ეს ყველაფერი წინამორბედ მოდელსაც შეეძლო. ამიტომაცაა, რომ ”აუდიმ” ეს 10-ცილინდრიანი მხოლოდ ოდნავ გააუმჯობესა. ინგოლშტადტელები მეუბნებიან, საწვავის საშუალო ხარჯი 12,3 ლიტრამდე ჩამოვიყვანეთო. 610 ცხენის ძალა! სიმძლავრის მწამს, საწვავის ხარჯის შესახებ ზღაპრები კი, ”აუდის” ინჟინრებს ურჩევნიათ, თავიანთ პარიკმახერებს უამბონ!

Auto Bild
ლე მანის 24-საათიანი რბოლების ისტორიაში ყველაზე წარმატებული ავტომწარმოებელი არის ”პორშე”, რომელსაც ეს რბოლა 17-ჯერ აქვს მოგებული. ბოლო რბოლაში ”პორშემ” ”აუდის” (სულ 13 მოგება) წარმატებების სერია შეწყვიტა. მანამდე, ”აუდის”, 2010 წლიდან ზედიზედ ხუთჯერ ჰქონდა ლე მანი მოგებული

განვაგრძოთ. სულ 24 წუთი მქონდა. გრძელ და სწორ ადგილებში R8-მ 300 კმ/სთ მოახერხა. ამბობენ, 330-იც ხელეწიფებაო, მაგრამ მე ბოლომდე ვერ გავრისკავ - ხომ იცით, თითების კანკალი და ეგეთები. მაგრამ იმ დროს, როცა ოფლს ვღვრიდი, R8 აბსოლუტურ წონასწორობას ინარჩუნებდა, სიმშვიდე ერთხელაც არ დაუკარგავს და გზაზე სტაბილურად იდგა. მოხვევა ბრძანებებს სრულყოფილად ემორჩილება, ხოლო გადაცემების გადამრთველ ბერკეტებზე ყოველი შეხება გარწმუნებს იმაში, რომ ”აუდიმ” თავისი 7-საფეხურიანი კოლოფის გადართვები ააჩქარა.Auto Bild

ფინიში. ჩემი 24 წუთი ამოიწურა. ეს Audi R8 იმდენად სოლიდურია, კიდევ ერთი 24 წუთიც რომ მოეცათ, გაცილებით მეტსად გავრისკავდი და მერე ალბათ პირდაპირ იმის ამბიცია გამიჩნდებოდა, რომ ლე მანის 24-საათიან რბოლაში მიმეღო მონაწილეობა. ”აუდის” ამ ბოლიდის ყიდვა სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი. ასე რომ, ცხადია, გაგრძელება იქნება.

დასკვნა
მეტი სიმძლავრე, ნაკლები წონა: ახალი Audi R8 ძალიან ბოროტია! ეს ბოლიდი გზას Pattex-ივით ეწებება, მოხვევა პირდაპირია, სრული აჩქარების დროს კი კბილებიდან პლომბებს ამოგიყრის! ფასის გაგებისას კი შეიძლება თავად კბილები დაგძვრეს: 187 400 ევრო.
რობინ ჰორნიგი

►Audi R8 V10 Plus Coupe
ძრავა: V10; მოცულობა: 5204 სმ3; სიმძლავრე: 449 კვტ (610 ცხ. ძ) 8250 ბრ/წთ; ბრუნის მომენტი: 560 ნმ/6500; მაქს. სიჩქარე: 330 კმ/სთ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 3,2 წამში; ამძრაობა: სრული/7-საფ. გად. კოლოფი; ავზი: 73 ლიტრი; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4426/1940/1240 მმ; ბაზა: 2650 მმ; საბარგული: 112 ლიტრი; წონა: 1630 კგ; საწვავის ხარჯი (EU): 12,3 ლ. Super plus/100 კმ-ზე; გამონაბოლქვი (CO2): 287 გ/კმ; ფასი: 187 400 ევრო

ყველა სტატია "აუდის" შესახებ

ლე მანის 24-საათიანი რბოლა

სპორტქარების 24-საათიანი რბოლა 1923 წლიდან ტარდება. ტრეკი, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ლე მანთან ახლოს მდებარეობს, 13,5-კილომეტრიანია. ლე მანის 24-საათიანი რბოლების ისტორიაში ყველაზე წარმატებული ავტომწარმოებელი არის ”პორშე”, რომელსაც ეს რბოლა 17-ჯერ აქვს მოგებული. ბოლო რბოლაში ”პორშემ” ”აუდის” (სულ 13 მოგება) წარმატებების სერია შეწყვიტა. მანამდე, ”აუდის”, 2010 წლიდან ზედიზედ ხუთჯერ ჰქონდა ლე მანი მოგებული.
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2017-01-10 11:12:03
”ტოიოტამ” დეტროიტის ავტოშოუზე ახალი Camry წარმოადგინა. იაპონელთა ბესტსელერს აშშ-ის ბაზარზე ახლა უფრო ემოციური დიზაინი აქვს და ახალი ძრავებიც მიიღო.
article image
Cat Image
2017-01-09 12:09:06
ახალი ცხვირი, ახალი ტექნიკა: ”მერსედესმა” თავისი კომპაქტური SUV, პოპულარული GLA განაახლა.
article image
Cat Image
2017-01-04 12:02:45
”კიამ” ახალი ”პიკანტოს” პირველი ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნდა, რომლებზეც კორეელთა მცირელიტრაჟიანი
სხვა სიახლეები
18.01.2017
საიდუმლოს აღარ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ”მერსედესი” G-კლასის პიკაპზე მუშაობს, რომელიც G 500 4x4²-ის ბაზაზე შეიქმნება.
სრულად
18.01.2017
ლას ვეგასში გამართულ საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის შოუზე (CES), „ჰიუნდაიმ“ თავისი მომავლის ინტერიერი ორიგინალურად, საცხოვრებელი შენობის ნაწილად წარადგინა.
სრულად
18.01.2017
ლეგენდარული გერმანული ტრეკის აბსოლუტური რეკორდი ამჟამად სწორედ „რადიკალის“ მოდელს ეკუთვნის
სრულად
ახალი ნომერი