საჩუქრები რაში უნდა ჩაგვიყარო, სანტა?
საჩუქრები რაში უნდა ჩაგვიყარო, სანტა?
31.12.2015
ახალი წელია და რა გამახსენდა იცი? ის ჩვენი თეთრჩოხიანი, ნაბადმოსხმული თოვლის პაპა სად წავიდა? ნუ, ვისთვის პაპა, ვისთვის ბაბუა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. მოდიოდა და ტომრით საჩუქრები მოჰქონდა. თეთრი ხშირი წვერი ჰქონდა, ქართული ნაკვთები. თბილისელ ბავშვებთან კოჯრის ტყიდან უყვარდა სტუმრობა; სხვებთან, არ ვიცი. რა ხანია, აღარ გამოჩენილა. მის ნაცვლად წითლებში გამოწყობილი სანტა კლაუსი მობრძანდება და საჩუქრებს, მგონი, კედელზე დაკიდებულ წითელ წინდებში სტოვებს. თუმცა... ვითომ, ჩვენთან ვინმე ჰკიდებს კედელზე წითელ წინდას?

მაგ წინდისა არ იყოს, ვითომ ჩვენთან ვინმე აგებს საავტომობილო ხიდებს მტკვარზე? აფართოებს ქუჩებს? აუმჯობესებს ქალაქში მოძრაობის მიმართულებებსა და ზრუნავს საჯარო ტრანსპორტზე? ალბათ, მხოლოდ ნაწილობრივ, არა? არადა, ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს სანტა კლაუსის ამბავს, კერძოდ კი აი, როგორ:

სანტას მსგავსად, ჩვენში საავტომობილო საქმესთან დაკავშირებული სიახლეები ძირითადად დასავლეთიდან მოდის, მაგრამ... ნაწილობრივ. სანტა მოვიდა - წინდა ამერიკაში დარჩა! ახალი წესი მოვიდა - შესაბამისი ცხოვრების დონე, სახელმწიფო სისტემა და ინფრასტრუქტურა არ წამოუღია, ოკეანის გაღმა დატოვა. ამასწინათ, მეგობრებმა აშშ-ში მცხოვრებ ახლობელს ასქულიან მართვის მოწმობებთან დაკავშირებითჩვენი შთაბეჭდილებები გავუზიარეთ. ახლობელმა გვითხრა, ეგ წესი ამერიკაში, რა ხანია მოქმედებს, ოღონდ, აქ გასაჩივრების სისტემაც აწყობილია და სასამართლოებში სირბილიც ხშირიაო. თურმე, ამერიკაში, მართვის მოწმობის ქულებს სადაზღვევო კომპანიები აქცევენ დიდ ყურადღებას და როდესაც კაცი ახალი ავტომობილის დასაზღვევად მათთან მიდის (ანუ ხალხი ახალ ავტომობილებს ყიდულობს და მათი დაზღვევაც მასობრივი მოვლენაა!), კომპანიის თანამშრომელი კომპიუტერში იხედება, ხედავს, რომ ეს ბატონი ყოველ წელიწადს დაბალი ქულებით ამთავრებდა ამის გამო უკვე სხვა პირობებს სთავაზობს მას. გამოდის, რომ ბატონს დაბალი ქულები ხელს არ აძლევს და ცდილობს თითოეული ჯარიმა გაასაჩივროს - სახელმწიფოსთან ბრძოლის საშუალებაც აქვს. გამოდის, რომ იქ ქულების დაკლება მხოლოდ დასჯის მექანიზმი კი არ არის (თუ დაარღვევ, მოწმობას ჩამოგართმევ!) არამედ, პირდაპირ ჯიბეს ურტყამს.

ღერძულა ხაზის გადაკვეთა, რასაკვიველია, საზიზღრობაა! განსაკუთრებით, გამაღიზიანებელია, როდესაც პიკის საათში ასი მანქანა მორჩილად დგას რიგში, ათი ”ჭკვიანი” კი შემხვედრი მიმართულების მხარეს გადადის და უბერავს! სამკვდრო-საციცოცხლო საქმეზე რომ ეჩქარებოდეთ, კიდევ ჰო, მაგრამ რად გინდა ლაპარაკი, რომ ათიდან ცხრას არსადაც არ ეჩქარება, უბრალოდ ”ჭკვიანია”, ან სადღაც ისეთ ადგილას მუშაობს, თავხედობის უფლება რომ აქვს. სწრაფი ნაკადის დროს, ღერძულა ხაზის გადაკვეთა გამაღიზიანებელი კი არა, მომაკვდინებელია! მაგრამ, ამასთან ერთად, თბილისში არის ბევრი ადგილი, სადაც ღერძულა ხაზს უნებლიედ გადაგაკვეთინებენ, რადგან ქუჩა ვიწროა, აქეთ-იქიდან კი ”გაწვებიან”. აი, მაგალითად, ცაბაძის ქუჩიდან, გზაჯვარედინზე, აღმაშენებლისკენ თუ გინდა შეხვევა და პატიოსნად მარცხნივ დგახარ, გამორიცხულია, შემხვედრ მხარეს რომ არ გადაგაგდონ. ნებისმიერ პოლიციელს ვთავაზობ ექსპერიმენტის ჩატარებას, ოღონდ სპეცმანქანაში ნუ ჩაჯდება და ხმის გამაძლიერებლით ნუ დაწყებს მოთხოვნას: ”გამატარეთ! მარჯვნივ გაიწიეთ!” მარცხნივ თუ არ გაიწევა და ან გაეხახუნებიან, ან შეაგინებენ, ან ახალ წითელზე ჩარჩება, თან შუა გზაში. ასეთი ადგილები კი დედაქალაქში იცოცხლეთ, იმდენია...

Auto Bild

სპეცმანქანა ვახსენეთ და ბარემ აქვე მოვაყოლოთ: სასწრაფო, სახანძრო და პოლიცია, რომ უნდა გავატაროთ, რად უნდა ლაპარაკი, მაგრამ აქაც რაღაცაა მოსაფიქრებელი. ბევრგან, განსაკუთრებით პიკის საათში, ეს ფიზიკურად შეუძლებელია. მოკლედ... გაწი-გამოწი და ისევ ინფრასტრუქტურის განვითარებასთან მივდივართ და, ვინაიდან თბილისი ხეობაში გაშენებული ქალაქია, სავარაუდოდ, ახალ-ახალი ხიდებია საჭირო. ბევრი ხიდი გვინდა! მარტო დაჯარიმება და ქულების დაკლება საქმეს ვერ უშველის! თუ სანტა ხარ, წინდაც უნდა წამოიღო.

აი, მარჯვენა საჭიანების რაოდენობამ (ამ სიტყვების ავტორსაც მარჯვენა საჭიანი მანქანა ჰყავს) კი მართლა შეიძლება შეაშინოს კაცი. აქ სადავო არაფერია, ან აქეთ უნდა იყო, ან იქით! ასე, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სასაცილოები ვართ... ერთი წუთით წარმოიდგინე, სხვა ქვეყანაში, რომ ჩავსულიყავით და ასეთი სურათი დაგვხვედროდა, ჩვენ, ულვაშაპრეხილი ქართველი ”თავად-აზნაურები”, რა ქილიკს ავტეხავდით. რასაკვირველია, ყველაფერს აჯობებდა ბოლო ათი-თხუთმეტი წლის განმავლობაში (თუ რამდენი ხანია, რაც მარჯვენასაჭიანები მომრავლდა?) სახელმწიფოს ისეთი ცხოვრება შეექმნა, რომ უბრალო მოკვდავებსაც გვქონოდა ფული ჩვეულებრივი მანქანის შესაძენად. ეს თუ ვერ შეძლო, ისე მაინც მოეკვარახჭინებინა საქმე, რომ მოქალაქისთვის მარჯვენასაჭიანის ყიდვა უფრო წამგებიანი გამხდარიყო, მაგრამ რაკიღა ვერც ერთი მოხერხდა და ვერც მეორე, ჯანდაბას, აკრძალოს ახლების მოხვავება! ოღონდ, უკვე შემოტანილ მანქანებს აცადოს ტკბილად დაბერება და სიკვდილი.

თუმცა, ამ ახალ წელს რა სიკვდილი და დოზანა აგვიტყდა. ღმერთმა მრავალს დაგვასწროს, სანტებს კიდევ, საიდანაც მოდიან, წითელი წინდების წამოღება არ დავიწყებოდეთ!
ილია ბაბუნაშვილი

Auto Bild

ასევე იხილეთ:
სად დავაყენოთ მანქანა 31-ში?
Auto Bild


BEST OF 2015: Tesla-ს შეფი ელონ მასკი: შეუძლებელი არაფერია!
Auto Bild


BEST OF 2015: მანქანები ისეთი კაცებისთვის,
რომლებიც მკერდზე თმას არ იპარსავენ...

Auto Bild
article image
2016-09-23 08:52:57
”მერსედეს-მაიბახში” ზუსტად იციან, რაზე ოცნებობენ მსოფლიოს უმდიდრესი დიქტატორები, ამას წინათ ახალი გრანდიოზული პროექტი დააანონსეს და სიტყვას საქმეც მოაყოლეს
article image
Cat Image
2016-09-22 05:28:14
გაიცანით ყველაზე ეკონომიური, ეკოლოგიური და ამავდროულად უმძლავრესი, პორშეს სამაგალითოდ სპორტული SUV
article image
Cat Image
2016-09-19 06:32:37
”სივიკი” ევროპის ბაზარზე ”ჰონდას” უმნიშვნელოვანესი მოდელია. ახლა კი ასპარეზზე ”სივიკის” ახალი, მეათე თაობა გამოდის
სხვა სიახლეები
22.09.2016
გაიცანით ყველაზე ეკონომიური, ეკოლოგიური და ამავდროულად უმძლავრესი, პორშეს სამაგალითოდ სპორტული SUV
სრულად
21.09.2016
უახლესი მანქანები უფრო და უფრო რთული აგებულების ხდება და ზეთის შერჩევა მათთვის არცისე მარტივი საკითხია.
სრულად
06.09.2016
თბილისში ოქტომბრიდან MAN-ის მარკის ახალი ავტობუსები ივლის. ამჟამად, პოლონეთის ქალაქ პოზნანში, MAN
სრულად
ახალი ნომერი