დაუჯერებელი ამბავი უსინათლო ”ხადავიკზე”
დაუჯერებელი ამბავი უსინათლო ”ხადავიკზე”
11.01.2016
ბარტ ჰიკი დაბადებიდან უსინათლოა, აბსოლუტურად ვერაფერს ხედავს. მიუხედავად ამისა, ჩიკაგოში, საკუთარი ”პროფილაქტიკა” აქვს გახსნილი და ავტომობილებს არემონტებს. ბარტი მექანიკოსია, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, „ხადავიკი“ . მას ეხმარებიან: ალღო, გამოცდილება, მოლაპარაკე ნაწილები და ერთი სმენადაქვეითებული მეგობარი...

ბარტი მიჩიგანში დაიბადა და ჩიკაგოს მიდამოებში გაიზარდა. რომ არა შინაგანი სიძლიერე და შემართება, რომ არა ბრძოლის დაუოკებელი უნარი, ბარტის ცხოვრება ნამდვილი ჯოჯოხეთი იქნებოდა და ვინ იცის, იქნებ დღეს ცოცხალი არც ყოფილიყო. ბევრი ფიქრობს და მათ ალბათ მკითხველთა უმრავლესობაც დაეთანხმება იმაში, რომ ბარტ ჰიკის ცხოვრება ისედაც ჯოჯოხეთია, მაგრამ თავად ბარტი ასე არ ფიქრობს და მთავარიც ესაა.

Auto Bild

ბარტის დაბადებამდე, დედამისმა ბეტიმ ორი გოგონა გააჩინა – ორივე მკდვარი დაიბადა. მერე, 1961 წლის აგვისტოს ერთ ცხელ შუადღეს, ბეტის ბიჭი ეყოლა – მადლობა ღმერთს, ბავშვი ცოცხალი იყო, მაგრამ ბეტის სრულყოფილი ბედნიერება მაინც არ ეწერა: პატარა ბარტი უსინათლო გახლდათ და ექიმებმა უთხრეს, რომ ვერასდროს ვერაფერს დაინახავდა. მამამისი, ბარტ ჰიკი უფროსი კორეის ომიდან ავადმყოფი დაბრუნდა და ბავშვი 11 წლის იყო, როცა გარდაიცვალა. პროფესიით ინჟინერმა მამამ სიკვდილამდე იმდენი მაინც მოასწრო, რომ ბარტს, მიუხედავად იმისა, რომ უსინათლო იყო, ველოსიპედის ტარება, სკეიტბორდზე დგომა, ცურვა და რამდენიმე ცხოვრებისეული კანონი ასწავლა. ბავშვობაში სილუეტებს მაინც ხედავდა, 12 წლის ასაკიდან კი მის გარშემო აბსოლუტურმა წყვდიადმა დაისადგურა – სამუდამოდ.

Auto Bild
ბარტის ბანერი: „მოიტანე შენივე ნაწილები და დაზოგე ფული ბარტთან“

თავიდან მოტოციკლებზე ჩხირკედელაობდა, 14 წლის ასაკში კი, დეიდამისის „პონტიაკს“ სავალი ნაწილი შეუკეთა და სწორედ აქედან დაიწყო ავტომობილებთან ურთიერთობა. მერე ოჯახის მეგობარმა სამუხრუჭე სისტემაზე მუშაობა ასწავლა და როცა ბარტი 15 წლის იყო, ერთ-ერთ პროფილაქტიკაში დამხმარედ დაიწყო მუშაობა. უსინათლო ბავშვს ნიჭი აღმოაჩნდა – ბარტი მექანიკოსი გახდა.

* * *

ბარტის სამფლობელოს სიგანე 15 მეტრია, სიღრმე 8 მეტრი. ეზოში ორი ავტოფარეხი აქვს. ჩიკაკოს დაუნთაუნიდან აქამდე მანქანით ერთი საათის სავალია.

Auto Bild
კაცები ამერიკაში: უსინათლო ბარტი (მარცხნივ) და მისი სმენადაქვეითებული მეგობარი დონი სერვისცენტრის  წინ. ისინი ხანდახან უბრალოდ ასე უსიტყვოდ დგანან და კლიენტს ელიან

დილის რვა საათია, ესესაა ბარტი სამსახურში მოვიდა – გაპარსულია და სუფთად აცვია. ავტოფარეხში მდგარი ლინკოლნის სახურავს ხელით შეეხო და ასე აუარა გვერდი – სივიწროვეა, მაგრამ აქაურობა სანტიმეტრების დონეზე იცის და არასდროს არაფერს ეჯახება. იცის, რა დროს რამდენი გრადუსით შეტრიალდეს იმისათვის, რომ თავისი უჯრა გამოაღოს. „ყველაფერი კარგადაა, დონ? - ძალიან ხმამაღლა ყვირის ბარტი, სახე უღიმის, - დაწყევლილი, რთული დღე გველის, მეგობარო.“

დონი 75 წლისაა, კისრის სვირინგს ჭაღარა თმა უფარავს, ლინკოლნის ქვეშ, იამაში დგას და საწვავის ავზს ამოწმებს. „ამოდი, დავქოქოთ“, - უყვირის ბარტი, მაგრამ დონის პასუხი არ ისმის. „დასწყევლოს ღმერთმა! - უკვე ღრიალებს ბარტი, - უსინათლო კაცმა როგორ უნდა ვიმუშავო ყრუსთან ერთად?“ ქვემოდან „კარგი ჰოს“ მსგავსი რაღაც მოისმა, ბარტი თვითონ ცდილობს „ლინკოლნის“ დაქოქვას და ამბობს: „ბენზინის ტუმბოა!“ მერე ისვენებენ, ეზოში მზეზე უსიტყვოდ დგანან.

Auto Bild
Dancer in the Dark: ბარტი ძველი „ლინკოლნის“ ქვეშ. ასეთ მოდელებს ის მარტივად არემონტებს, რადგან იოლად ხვდება, რა სჭირს მანქანას. ამ შემთხვევაში პრობლემა საწვავის ტუმბოს ქონდა

ეზოში Mercedes W 123 შემოვიდა. „ჰეი, ბარტ, მე ვარ, ჯიმი, ყველაფერი კარგადაა? ჩემმა „ბენცმა“ რაღაც სითხეები დაღვარა,“ - ფანჯრიდან იძახის მძღოლი. „მთავარია, შენ არ დაღვარო სითხეები, ჯიმი, - სიცილით პასუხობს ბარტი, - მაგას კი ახლავე მივხედავ.“

ჯიმი ბარტს 15 წელია იცნობს და დღემდე ვერ ხვდება, როგორ არემონტებს მისი უსინათლო მეგობარი მანქანებს.

* * *

18 წლის ასაკში ჩიკაგოს ერთ-ერთ ჰოსპიტალში, რენტგენის განყოფილებაში, დამხმარედ დაიწყო მუშაობა, თავისუფალ დროს კი მაინც მანქანების ქვეშ დაძრომიალობდა. მერე კი ადგა და გარისკა: ბარტმა საკუთარი სერვისცენტრი გახსნა, რომელსაც „Bart’s Automotive & towing“ დაარქვა, მოკლედ B.A.T. 29 წლის ასაკში კი ცოლი შეირთი და სამი აბსოლუტურად ჯანმრთელი შვილი ეყოლა, მერე კი ცოლი გაშორდა, რაც მისი ცხოვრების კიდევ ერთი შავი ლაქაა. 1993 წლიდან ბარტმა თავისი ”პროფილაქტიკა” ჩიკაგოს ამ გარეუბანში გადმოიტანა და ისევ დედამისთან ერთად ცხოვრობს. მასთან ერთადაა მისი უფროსი ქალიშვილი ელიზაბეთიც.

Auto Bild
ამერიკული იდილია: ბარტი ქალიშვილ ელიზაბეთთან, ძმიშვილებთან, ძმა ბრაიანთან და დედასთან ერთად


ბიძა ჯერი და უმცროსი ნახევარ-ძმა ბრაიანი ფინანსურად ხშირად ეხმარებიან, რადგან ბარტი ბევრ ფულს ვერ შოულობს – ისედაც მძიმე დროა, ჩიკაგოში ავტომობილის სერვისცენტრების  მეტი რა არის და თანაც, უსინათლო მექანიკოსთან მანქანას გასაკეთებლად ბევრი რომ არ მიიყვანს, ცხადზე უცხადესია. სახელმწიფო დახმარებაზე კი ბარტი განგებ ამბობს უარს – ჩვენი ქვეყნის პრობლემაც სწორედ ეგ არის, სახლში წამოწვებიან, მუშაობა არ უნდათ და სახელმწიფოს სთხოვენ დახმარებას, ხალხი დაუმსახურებელი ფულით ცხოვრებას მიეჩვიაო.

* * *

შუადღეზე ბილ დესმონდმა თავისი Dodge Pick-Up მოუყვანა, ძრავის ხმა არ მომწონსო. ბარტმა ძრავას გულმოდგინედ მოუსმინა და მუშაობას შეუდგა. „ეს არის ყველაზე გულახდილი და წესიერი ადამიანი მათ შორის, ვისაც ვიცნობ, - ამბობს ბილი, - ფენომენალური პიროვნებაა.“

Auto Bild
70 წლის ბილ დესმონდი მისი მეგობარი და მუდმივი კლიენტია. მის პიკაპს მორიგი პრობლემა შეექმნა და რა თქმა უნდა, მაშინვე ბარტთან მოიყვანა

ნაშუადღევს ბარტის პროფილაქტიკაში წითელი „შევროლე კამარო“ შემოგოგმანდა. მისი მფლობელი გრეი ჯონსტონი ბარტს დიდი ხანია, ემეგობრება და ამბობს: „ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ბარტს მანქანა არ უნდა მოუყვანო, ის არის, რომ ქრომირებულ დეტალებზე ნათითურებს ტოვებს.“ ბარტს ამაზე გულიანად ეცინება და პასუხობს: „შენს მანქანას ხომ არცერთი დეტალი არ აქვს ქრომირებული, ჩემო გრეი.“

* * *

ბარტს 100-მდე მუდმივი კლიენტი ჰყავს, ყველანი მისი მეგობრები არიან. მოყავთ ძველი პიკაპები, მოდიდან დიდი ხნის გადავარდნილი სედანები დასუსტებული აკუმულატორებით თუ გაფუჭებული ფანჯრის ამწევებით. 1990 წლის შემდეგ გამოშვებული მანქანების შეკეთება კი უჭირს – ბევრი ელექტრონიკა მისთვის პრობლემაა. თუ არ იცის, როგორ უნდა გააკეთოს, მეგობრებს ინტერნეტში პრობლემის გადაჭრის გზების ძებნას სთხოვს და არც იმის რცხვენია, რომ ზოგიერთი მათგანი სხვა ხელოსნებთან გადაამისამართოს. ჯიმი, გრეი და სხვა მეგობრები ამბობენ, რასაც აკეთებს, უმაღლეს დონეზე აკეთებს და ერთი და იგივე პრობლემით ბარტთან ორჯერ არასდროს მოვსულვართო.

Auto Bild
ბარტს პროფილაქტიკაში უსინათლოთა შრიფტით დაწერილი ავტომექანიკოსების სახელმძღვანელო აქვს, რომელსაც ხშირად კითხულობს

ბარტი უსინათლოა , მაგრამ ცხოვრებაზე ხელი არასდროს ჩაუქნევია. „ათ წელიწადში ალბათ აღარავის დავჭირდები. მანამდე ცოლი უნდა მოვიყვანო. მთავარი კრიტერიუმი ის არის, რომ მანქანები უნდა უყვარდეს,“ - ამბობს ღიმილით.

* * *

საღამოს ბარტი დედამ და ქალიშვილმა მოინახულეს, ძმაც მოვიდა და მერე ერთად წავიდნენ სახლში, რათა ოჯახურად ევახშმათ. ჯიმი თავისი „მერსედესით“, ბილი თავისი პიკაპით და გრეი თავისი „კამაროთი“ დიდი ხანია წავიდნენ. ბარტის სამფლობელოში მხოლოდ „ლინკოლნი“ და მისი ძველი Dodge დარჩა.
ჰაუკე შრიბერი

Auto Bild
„ევროპიდან ამერიკაში მარტო იმიტომ ჩამოხვედით, რომ ჩემზე რეპორტაჟი დაგეწერათ?“ - გაოცებული ბარტი და Auto Bild-ის ავტორი ჰაუკე შრიბერი

Auto Bild
ბარტისთვის მთავარი ფული არასდროს ყოფილაო, ამბობს მისი დიდი ხნის მეგობარი გრეი ჯონსტონი. მას თავისი „კამარო“ ყოველთვის აქ მოყავს ხოლმე
article image
2016-09-29 08:36:51
სექტემბრის დასაწყისში ”ლენდ როვერმა” ახალი, რიგით მეხუთე თაობის Discovery-ს პირველი ოფიციალური ფოტოთი დაგვაინტრიგა, ახლა კი თქვენ წინაშეა ახალი ”დისკო” ყველა რაკურსით
article image
Cat Image
2016-09-28 10:11:05
მიესალმეთ ახალ, საუკეთესო 911-ს და მის თანაკონცერნელ ძმას
article image
Cat Image
2016-09-23 08:52:57
”მერსედეს-მაიბახში” ზუსტად იციან, რაზე ოცნებობენ მსოფლიოს უმდიდრესი დიქტატორები, ამას წინათ ახალი გრანდიოზული პროექტი დააანონსეს და სიტყვას საქმეც მოაყოლეს
სხვა სიახლეები
30.09.2016
”მაკლარენმა” გამოუშვა სუპერქარ P1-ის საბავშვო ვერსია, რომელიც 6 წლამდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი
სრულად
29.09.2016
BMW მალე ახალი SUV-კუპეს გამოშვებას აპირებს, ახლა კი, ბავარიელებმა გვიჩვენეს, როგორი იქნება ეს ავტომობილი
სრულად
29.09.2016
”ბრაბუსი” ”მერსედესის” მარკის ავტომობილებს 1977 წლიდან ამუშავებს. ყველაზე პოპულარული G-კლასის ბრაბუსისეული ვერსიებია
სრულად
ახალი ნომერი