Nissan Patrol: სეირი ელვანის სერებზე
Nissan Patrol: სეირი ელვანის სერებზე
11.01.2016
თბილისში გამართული სუპერთასის ოფიციალური ავტომობილი Nissan Patrol გახლდათ. ”ბარსელონამ” და ”სევილიამ” ბორის პაიჭაძის სახელობის ”დინამო არენაზე” 9 გოლით გვასიამოვნეს, ”ნისანის” გიგანტურმა ყველგანმავალმა კი თავისი გოლები ხარაგაულის რაიონის სოფელ ფარცხნალში, “ელვანის სერებზე” გაიტანა

Auto Bild

...და დასაწყისშივე კიდევ ერთხელ უნდა დაისვას კითხვა, რომელიც ჩვენში ყოველთვის აქტუალურია: მაინც რატომ გვიყვარს ქართველებს დიდი... უფრო სწორად, დიდი კი არა, გიგანტური ავტომობილები - თუკი ქალაქში ვცხოვრობთ და ქალაქგარეთ იშვიათად დავდივართ? აბსოლუტურად გასაგებია, რატომაც უყვართ არაბ შეიხებს ”ლენდ კრუიზერები”, ”ნისან პატრულები” და სხვა ამისთანა ტირანოზავრები - მათ არც საწვავის ხარჯი ადარდებთ და არც პარკინგის პრობლემა აქვთ. მაგრამ ჩვენ, ქართველებს? მეტადრე კი ქალაქელებს? თბილისი ხომ ისედაც გადატვირთულია და ისიც პირდაპირ ვთქვათ, რომ არც საწვავია იაფი? მაინც რატომ?

პირადად მე ამხელა ავტომობილი არასდროს მყოლია და არცერთ ჩემ ახლო მეგობარს არ ჰყავს ამხელა გიგანტი (ბევრს იმიტომ, რომ ამდენი ფული არ აქვს). შესაბამისად, მხოლოდ ტესტ-დრაივების დროს ვხვდები ხოლმე მათ მუღამს. დიახ, მანქანა უზარმაზარია და თუ სახლში საკუთარი ფარეხი და სამსახურში პირადი პარკინგი არ გაქვს, დასაყენებელი ადგილის ძიებაში ცხოვრება ჯოჯოხეთად გექცევა. დიახ, საწვავის ხარჯი ძალიან მაღალია, მაგრამ თუ ამ მანქანის შესაძენი ფული გაქვს და ცოტათი ეგოისტიც ხარ, არც ამაზე იდარდებ. დიახ, საცობში გადაადგილებაც გაგიჭირდება და ამხელა ავტომობილების მძღოლები ხშირად არღვევენ ხოლმე. გასაგებია, ეს ყველაფერი თქვენ ჩემზე უკეთ იცით, მაგრამ მუღამი სადღაა? გეტყვით!

Auto Bild

ახალი Nissan Patrol-ით ქალაქში ბოდიალს რომ არ ვაპირებდი, ეს, რა თქმა უნდა, ზუსტად ვიცოდი, მაგრამ სანამ თბილისს დავტოვებდით, მაინც მოგვიხდა ჩვენი დედაქალაქის ქუჩებში გადაადგილება - ხომ იცით, როგორც ხდება ხოლმე: იმას უნდა გაუარო, ამას გამოუარო. ცხადია, ისიც მოგეხსენებათ, რომ ქართველებს საკუთარი თავი გვიყვარს და ჩვენთვის ერთ-ერთი საუკეთესო განცდაა, როცა პატივს გვცემენ. მით უმეტეს, თუ ეს პატივისცემა შიშნარევია. თბილისის ვიწრო ქუჩებში და გადატვირთულ მოძრაობაში Nissan Patrol-ით გადაადგილებისას იგრძნობა, რომ შენი შურთ, ეშინიათ და პატივს გცემენ! ყველა არა, მაგრამ გზას ბევრი გითმობს. თითქმის არავინ გისიგნალებს და არც შორსმაშუქებს გინთებს. თითქოს ყველა ფიქრობს, რომ ამხელა მანქანის პატრონი ყველა გაგებით მძიმეწონოსანია და თითქმის ვერავინ ვერაფერს შემოგბედავს. საკმარისია, პატარა მანქანით დაარღვიო, რომ მინიმუმ შემოგიბღვერენ, მაქსიმუმ - შეგაგინებენ.

ამხელა მანქანით დარღვევისას კი (თითქმის) ვერავინ ვერაფერს გიბედავს. გამჯდარი გვაქვს ასეთი მიდგომა. რა თქმა უნდა, არ ვამბობ, რომ ეს კარგია. ვამბობ იმას, რაც არის. ასეა და მორჩა. Nissan Patrol-ით თბილისში მოძრაობისას სხვების მხრიდან უდიდეს პატივისცემა ყოველ ნაბიჯზე იგრძნობოდა და ერთ მომენტში, როცა ახალი Kia Cerato-ს მძღოლს გზა დავუთმე, მარტო ხელის აწევით კი არ შემოიფარგლა, ლამის ფანჯრიდან თავი გადმოყო და ”ათასი” მადლობა გადამიხადა... ესეც მუღამი: უდიდესი შიშნარევი პატივისცემა. პირადად ჩემთვის იმ კაცის ”ათასი” მადლობა არაფერს ნიშნავს, რადგან ზუსტად ვიცი, პატარა მანქანით რომ ვყოფილიყავი, შეიძლება ხელიც კი არ აეწია და მანქანის ზომით გამოწვეული პატივისცემა არც მჭირდება, მაგრამ აბა ჰკითხეთ მათ, ვისაც ასეთი ავტომობილები უყვარს. Nissan Patrol და მისი ზომა-წონის ავტომობილები თბილისში განსაკუთრებული სტატუსია.

Auto Bild

კარგით, შევეშვათ ამ ყველაფერს და ავტომობილზე ვისაუბროთ. რაკი სუპერთასი თბილისში გაიმართა, ალბათ ამიტომაც იყო მისი ოფიციალური ავტომობილი სწორედ Nissan Patrol. იაპონელებმაც შესანიშნავად იციან, რომელ ქვეყანაში რომელ მოდელზე უნდა გააკეთონ აქცენტი.

საქართველოში პირველი არარუსული ყველგანმავლები რომ გამოჩნდა, ძირითადად ”ჯიპ ჩეროკები” და ”ნისან პატრულები” იყო. რა თქმა უნდა, გეხსომებათ 90-იანი წლები და იმდროინდელი ”ნისან პატრულები”. ეს კი უკვე მეშვიდე თაობის მოდელია, რომელიც 2010 წლიდან გამოდის და რესტაილინგიც მოესწრო. დღეს Patrol უკვე აღარ არის დაკუთხული ფორმების მქონე ყველგანმავალი. მისი ფორმები დამრგვალდა და მანქანაც დიდი ზომის სრულფასოვანი SUV გახდა. მართალია, ყველგანმავლის აუცილებელი ოფციები შეინარჩუნა, მაგრამ აშკარაა, რომ იაპონელებმა აქცენტი კომფორტზე და მდიდრულობაზე გააკეთეს.

Auto Bild

რა შედის ოფროუდ-არსენალში? რა თქმა უნდა, სრული ამძრაობა, ოღონდ ჩართვადი. ჩველებრივ რეჟიმში Patrol უკანა ამძრაობით გადაადგილდება და წინას საჭიროების შემთხვევაში ავტომატურად რთავს. ცხადია, ჩვენ განკარგულებაშია დამადაბლებელი გადაცემა და შესაძლებელია უკანა დიფერენციალის ბლოკირებაც. აქვეა უგზოობაზე სვლის სპეციალური რეჟიმები: ქვები, თოვლი, ქვიშა და ტრასა. ამთავითვე უნდა ვთქვათ, რომ თითქმის 3-ტონიანი ავტომობილი, რომელიც სიგრძეში 5 მეტრია, არა მარტო მსუბუქ და ნახევრად სერიოზულ, არამედ საკმაოდ სერიოზულ უგზოობასაც უმკლავდება. ყოველ შემთხვევაში, სადამდეც თავს გარისკვის უფლება მივეცით, პრობლემა არსად შეექმნა. სხვა საქმეა ის, რომ ასეთი მდიდრული და ძვირფასი ავტომობილით ოფროუდ-შეჯიბრზე არავინ გამოვა და ტალახში ცხვირით არავინ ჩაერჭობა.

Auto Bild
Auto Bild

”ნისანის” მარკეტოლოგებმაც სწორედ ამაზე გათვალეს, როცა გამავლობაზე მეტად აქცენტი მეტ კომფორტსა და მდიდრულ კომპლექტაციაზე გააკეთეს. Patrol ჩრდილოეთ ამერიკის, ავსტრალიის და აღმოსავლეთის მდიდარ ქვეყნებზეა გათვლილი - ანუ, იმ ბაზრებზე, სადაც 5,6-ლიტრიანი ატმოსფერული V8 ძრავა ძალიან დიდ აგრეგატად არ მიიჩნევა, ხოლო ავტომობილის ზომას კი ასე უყურებენ: რაც მეტი, მით უკეთესი. თანაც, აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ Patrol-ის კონკურენტებიც გლამურულები გახდნენ. კონკურენტებიდან კი, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, Land Cruiser 200 უნდა ვახსენოთ...

Auto BildAuto Bild
მეორე რიგში მეფურად ზიხარ, მესამეში - ”მეზობლის ბავშვივით”

გავედით თუ არა ქალაქიდან, მაშინვე გამიძლიერდა გაგების განცდა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ ავტომობილს დიდი სიამოვნებით შეიძენს. ფაქტობრივად გემის კაპიტანი ხართ - გემისა, რომელიც უკიდურესად კომფორტულად დაცურავს. თითქმის სამტონიანი მანქანა მანევრულობით, რა თქმა უნდა, არ გამოირჩევა, მაგრამ ზომისა და წონის გათვალისწინებით ყველაფერი რიგზეა. პლუს ამას, თუ საწვავი არ გენანება (და მფლობელებს უმეტესად არ ენანებათ ხოლმე), ამხელა ავტომობილის აჩქარებაც სასიამოვნო განცდაა - თუკი სიმძლავრეც ხელს გიწყობს და Nissan Patrol-ში ეს უდავოდ ასეა, რადგან კაპოტის ქვეშ 5,6-ლიტრიანი V8 აგრეგატი მუშაობს, რომლის სიმძლავრე არც მეტი, არც ნაკლები, 400 ცხენის ძალაა. თუმცაღა ამხელა მანქანის საჭესთან ანცობა არც მოგინდება. როდესაც BMW X5-ები და Mercedes ML-ები ”ფოლკსვაგენ გოლფებად” გეჩვენება, ხოლო Toyota RAV4-ები და მისთანები კი სულაც ”ნისან მარჩი” ან ”ნისან მიკრა” გგონია, შენში სიმშვიდის გრძნობა ისადგურებს. ყოველ შემთხვევაში, პირადად მე ზედმეტი ცელქობის სურვილი ერთხელაც არ გამჩენია. როგორც უკვე ვთქვი, გემის კაპიტანივით ხარ და თუ თავში ყველაფერი დალაგებული გაქვს, ამით ყოველგვარი ზედმეტი რისკის გარეშე დიდ სიამოვნებასაც იღებ.

Auto Bild

კომფორტი და ლუქსი - სწორედ ესაა Nissan Patrol-ის მთავარი პლუსები. ავტომობილის დიდი ზომა, ცხადია, ავტომატურად ნიშნავს სალონში დიდ სივრცეს. მძღოლისთვის და წინა მგზავრისთვის ჯდომის პოზიცია ძალიან მაღალია და რაც უნდა ეცადო, ზედმეტად ვერ დაადაბლებ. მაგალითად, მძღოლის სავარძლის რეგულირება მრავალმხრივია, მაგრამ უკიდურესად დაბალი პოზიიდანაც კი ჩანს კაპოტი, რაც მძღოლს ნამდვილად უადვილებს მანქანის დიდი ზომის გრძნობას - განსაკუთრებით პარკინგის დროს. სავარძლები განიერია, რბილია და ტყავის საოჯახო სავარძლებს მოგაგონებთ. თუმცა მაქსიმალურად მხოლოდ მძღოლის სავარძელი რეგულირდება. მასაჟის ფუნქცია კი სავარძლებს არ აქვთ. მძღოლსა და წინა მგზავრს ერთმანეთისგან მასიური ცენტრალური კონსოლი ყოფთ, რომელიც მდიდრულად, ხის ელემენტებითაა გაფორმებული. საერთოდაც, მძღოლის სამუშაო მაგიდაზე ხარისხიან ტყავსაც შეხვდებით. ხის მასალებმა კი მულტიფუნქციურ საჭეზეც გადაინაცვლა. რა თქმა უნდა, ხელის გადასმის დროს პლასტმასსაც შეხვდებით, ოღონდ რბილს. 8-დუიმიანი სენსორული ეკრანი შესანიშნავად გამოიყურება და მძღოლს ყველა საჭირო ინფორმაციას აწვდის. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო საწვავის ხარჯის ამომწურავი სტატისტიკა იყო თავისი დიაგრამებით. საერთო ჯამში, ინტერიერის გაფორმება ძალიან მდიდრული და ხარისხიანია.

Auto Bild

უკან, მეორე რიგში სივრცე, რა თქმა უნდა, საკმარისზე მეტია. როგორც არ უნდა დააყენო წინა სავარძელი, მის უკან მაინც თავისუფლად ჯდები და ფეხის ფეხზე გადადებაც უპრობლემოდ შეგიძლია. პლუს, მეორე რიგის მგზავრებისთვის ცალკეა კონსოლი, საიდანაც ხელი მიგიწვდება მაცივარზე და აკონტროლებ კლიმატს. სრული კომფორტი ერთი სიტყვით. აი, მესამე რიგში კი (Patrol-ს მესამე რიგიც აქვს), უკვე სივიწროვეა და შორ გზაზე მგზავრობისას იქ დასაჯდომად მხოლოდ ბავშვს თუ გაიმეტებ. თუმცა მესამე რიგი Patrol-ზე დიდად ტევადი არც მის კონკურენტებს აქვთ.

დასავლეთ საქართველოში მოგზაურობისას სამ სოფელში გახლდით. სამივე სახლი ეზოიანი იყო მეტნაკლებად სტანდარტული ზომების ჭიშკრებით. Patrol ერთში უპრობლემოდ შეეტია და რაკი ეზოც დიდი იყო, მისმა ზომამ დისკომფორტი არ შეგვიქმნა, მეორეში 15-წუთიანი წვალების შემდეგ შევაღწიეთ, მესამეში კი საერთოდ ვერ შევეტიეთ - საბჭოთა კავშირის დროს გაკეთებული შესასვლელი ამ ”ნისანისთვის” ზედმეტად მცირე ზომის გამოდგა.

Auto Bild

სამაგიეროდ, სწორედ ამ სოფელს (ხარაგაულის რაიონის სოფელი ფარცხნალი) აქვს ისეთი შესანიშნავი ადგილი, როგორიცაა ”ელვანის სერები” - ეს არის ვაკე მთაში. და როგორც ქვესათაურშიც აღვნიშნეთ, Nissan Patrol-მა თავისი გოლები სწორედ იქ გაიტანა. მთის დიდ მინდორზე ნავარდი ამ მანქანით მძღოლისთვის ძალიან სასიამოვნო, მაყურებლებისთვის კი, უდავოდ თვალსასეირო ამბავია. ფარცხნალელებმაც ისიამოვნეს Nissan Patrol-ის ცქერით - ამხელა და ასეთი ძვირფასი ავტომობილი იქ იშვიათად ადის. ”ელვანის სერები” იყო ადგილი, სადაც Nissan Patrol-ის მართვამ ყველაზე დიდი სიამოვნება მომანიჭა. ასეა: მანქანა სივრცეს გვთავაზობს და სივრცესაც ითხოვს. ერთი ეგაა, რომ ფარცხნალში ახალი Nissan Patrol-ის შესაძენი ფული არავის აქვს, თბილისის გადატვირთულ მოძრაობაში კი ამ მანქანით გადაადგილება მხოლოდ ისეთი მძღოლებისთვისაა სიამოვნება, ვისაც მისდამი შიშნარევი პატივისცემა სიამოვნებს.

Auto Bild
საწვავის ხარჯის სტატისტიკა ეკრანზე

დასკვნა
საწვავის მინიმალური ხარჯი, რისი მიღწევაც მოხერხდა, 100 კილომეტრზე საშუალოდ 14,4 ლიტრი იყო. თუ რამდენჯერმე ვაჟკაცურად წააჭერ, შუქნიშნის წითლიდან პირველი გაიქცევი და ასე შემდეგ, საწვავის ხარჯი 20-21 ლიტრია. Nissan Patrol ძალიან დიდი და მძლავრი ყველგანმავალია. ბრუტალურ-ექსტრემალური ოფროუდი მისი სტიქია აღარ არის, სამაგიეროდ, იმ ძველ ”ნისან პატრულებზე” გაცილებით კომფორტული და მდიდრულია.
შალვა ბუაჩიძე

Auto Bild

ტექნიკური მონაცემები: Nissan Patrol
ძრავის მოცულობა: 5,6-ლიტრიანი; ცილინდრები: 8-ცილინდრიანი (V8); სიმძლავრე: 400 ცხენის ძალა; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 7,4 წამში; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 5165/1995/1940 მმ; კლირენსი: 275 მმ; საწვავის საშუალო ხარჯი: 18 ლ/100კმ-ზე; ავზი: 140 ლიტრი. ფასი ”ნისანის” თბილისის ცენტრში (ტოპ-კომპლექტაციით): 69 900 აშშ დოლარი. საწყისი ფასი: 39 900 დოლარიდან.

Auto Bild

Auto Bild
article image
2016-09-28 10:11:05
მიესალმეთ ახალ, საუკეთესო 911-ს და მის თანაკონცერნელ ძმას
article image
Cat Image
2016-09-23 08:52:57
”მერსედეს-მაიბახში” ზუსტად იციან, რაზე ოცნებობენ მსოფლიოს უმდიდრესი დიქტატორები, ამას წინათ ახალი გრანდიოზული პროექტი დააანონსეს და სიტყვას საქმეც მოაყოლეს
article image
Cat Image
2016-09-22 05:28:14
გაიცანით ყველაზე ეკონომიური, ეკოლოგიური და ამავდროულად უმძლავრესი, პორშეს სამაგალითოდ სპორტული SUV
სხვა სიახლეები
22.09.2016
გაიცანით ყველაზე ეკონომიური, ეკოლოგიური და ამავდროულად უმძლავრესი, პორშეს სამაგალითოდ სპორტული SUV
სრულად
21.09.2016
უახლესი მანქანები უფრო და უფრო რთული აგებულების ხდება და ზეთის შერჩევა მათთვის არცისე მარტივი საკითხია.
სრულად
06.09.2016
თბილისში ოქტომბრიდან MAN-ის მარკის ახალი ავტობუსები ივლის. ამჟამად, პოლონეთის ქალაქ პოზნანში, MAN
სრულად
ახალი ნომერი