წყალბად-მობილი Mirai ახალი Prius-ის წინააღმდეგ - მომავალი ამათია!
წყალბად-მობილი Mirai ახალი Prius-ის წინააღმდეგ - მომავალი ამათია!
13.01.2016
Toyota Mirai წყალბადის სათბობ ელემენტზე მომუშავე ავტომობილია. ახალი Prius კი, მოგეხსენებათ, გამოცდილი ჰიბრიდული ტექნიკით მუშაობს. ჩვენ ისინი ერთმანეთს შევადარეთ

Toyota Mirai ისეთი ავტომობილია, კოლექციონერთა გულის მოგება რომ გაუჭირდება. ჯერ ხეირიანად არც შემოსულა და ანტიკვარობაზე საუბარი ხომ მით უმეტეს ადრეაო, იფიქრებთ ალბათ. ჰო, მაგრამ ყოველთვის ყველაფერზე წინასწარ უნდა იფიქრო. Mirai-ს კი, ავზის თავსახურზე აწერია: ”შეავსეთ მხოლოდ 2035 წლამდე!” მერე? მერე გადავაგდოთ? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი ჯერ არ არის. გარკვეული და ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ წყალბადის ყველა (ძვირადღირებული!) დეტალს 20 წლის შემდეგ განახლება სჭირდება. ანუ, ეკონომიკური ფიასკო 20 წლის შემდეგ? სამწუხაროა, რადგან მთელი თავისი კომპლექსური ტექნიკით Mirai მართლაც კარგად დადის. დადის როგორც ელექტრომობილი, მაგრამ გარბის გაცილებით შორს!

Auto Bild
Toyota Mirai: წყალბადის მანქანა, რომელიც 100 კმ-ზე 0,76 კგ H2-ს მოიხმარს. ფასი: 78 000 ევრო
Toyota Prius: ჰიბრიდი, რომელიც 100 კილომეტრზე 3,1 ლიტრ ბენზინს მოიხმარს. ფასი: 30 000 ევრო


იაპონელები 500-მდე კილომეტრიან გარბენს გვპირდებიან, მერე კი, დაახლოებით 5 კილოგრამი წყალბადი (ევროპაში ერთი კილოგრამი დაახლოებით 9-10 ევრო ღირს) უნდა ჩაუშვა. წყალბადის პირველი სერიული ავტომობილი სიგრძეში 4,90 მეტრია, რითაც ქალაქის მანქანად უნდა შევრაცხოთ და აქვე ისიც ვთქვათ, რომ სწორედ ქალაქის ავტომობილივით დადის. არადა, დაახლოებით 1,9 ტონას იწონის. მის ფუტურისტულ ინტერიერში მომავლის მუსიკას მანქანის დაძვრის შემდეგ უსმენ. ადგილიდან რაკეტასავით წყდება - ოღონდ, ექსტრემალურად უხმაუროდ. ადგილიდან წყდება და მიგვანიშნებს მომავალზე - დიზელისა და ბენზინის გარეშე. საქმე ისაა, რომ Mirai-ს არც ერთი სჭირდება და არც მეორე. მისი შინაგანი სამყარო ელექტროქიმიურია. სათბობი ელემენტი ელექტრულ დენს წარმოქმნის, რომელიც ელექტრომოტორისთვის სავსებით საკმარისია. მაყუჩიდან კი მხოლოდ წყალი გამოდის. არანაირი აზოტები, NOx-ები და არც CO2. სრულყოფილებაა, არა? მეტი რა უნდა გვინდოდეს მომავალში ამაზე უკეთესი?

Auto Bild
მომავლის ტექნიკა ”ტოიოტასგან”: წყალბადის ავტომობილი Mirai და ახალი ჰიბრიდი Prius

რითი ჯობია პრიუსი?

თუ მაინცდამაინც, მაშინ ”პრიუსი”! ლეგენდარული ჰიბრიდის ახალი, მეოთხე თაობა კიდევ უფრო ეკონომიური და, შესაბამისად, კიდევ უფრო პოლიტკორექტული ავტომობილია. ”პრიუსიც” ძალიან ეკონომიურად იყენებს რესურსებს (რა დრო დადგა, ”პრიუსთან” მიმართებაში უკვე ”ც”-ს ვხმარობთ, რაც სწორედ Mirai-ს დამსახურებაა) და, Mirai-სთან შედარებით, მნიშვნელოვნად მარტივი ავტომობილია.

ჯერ მარტო ფასზე ვთქვათ. წყალბად-მობილი დაახლოებით 78 000 ევრო ღირს, ახალი ”პრიუსი” კი, დაახლოებით 30 000 ევრო ეღირება. პირდაპირ ვთქვათ, არც ”პრიუსია” იაფი, მაგრამ გამოცდილია, და, წინამორბედზე უფრო ეკონომიურიც.

Auto Bild

ყველაზე მთავარიც სწორედ ესაა - ”პრიუსის” ეკონომიურობა. წინამორბედი 100 კილომეტრზე საშუალოდ 3,9 ლიტრ საწვავს მოიხმარდა, ახლა კი იაპონელებმა კიდევ უფრო მეტად მოინდომეს. ოფიციალური დაპირებით, ახალი ”პრიუსი” 100 კილომეტრზე საშუალოდ 3,1 ლიტრით უნდა დაკმაყოფილდეს.

ამაში მას გამოცდილი ჰიბრიდული პაკეტი ეხმარება. თუმცა ეს ტექნიკა ახალ მოდელში კიდევ უფრო განახლებული და გაუმჯობესებულია. ელემენტი იგივე ზომისაა, მაგრამ მეტ ენერგიას მოიცავს, ბენზინის ძრავა უფრო ეფექტიანად მუშაობს, ელექტრომოტორები კი უფრო მცირე ზომა-წონისანი არიან. გაუმჯობესებულია ტრანსმისიაც და სავალი ნაწილიც უფრო მსუბუქია. ძრავა გაზზე უფრო ფხიზლად რეაგირებს და ეკონომიური ჰიბრიდი გაცილებით ცოცხლად დადის.

Auto Bild

”ტოიოტას” მიზანია, რომ მართლაც გამორჩეული და განსხვავებული ”პრიუსი” კიდევ უფრო განსხვავებულ ტიპად წარმოაჩინოს. როგორც ჩანს, იაპონელები ამას ახალი მოდელის კიდევ უფრო უცნაური დიზაინით აპირებენ. აქვე ვთქვათ, რომ ავტომობილის პლატფორმაც ახალია. ეს არქიტექტურა, მომავალში ”ტოიოტას” სხვა მოდელებსაც რომ გამოადგებათ, უფრო დაბალი ხაზის საშუალებას იძლევა, სიმძიმის ცენტრზეც ახდენს გავლენას და ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ეკომობილის მართვა უფრო სასიამოვნო იქნება.

Auto Bild

ამ ყველაფერს ემატება ახლებურად შესრულებული ინტერიერიც. სავარძლები წინამორბედზე გაცილებით უკეთესია. ამასთან, ნაწილობრივ თეთრ ფერში გადაწყვეტილი კოკპიტიც უკეთესადაა შესრულებული. ინსტრუმენტები მარტივად კითხვადია, ცენტრალურ კონსოლზე სმარტფონების სათავსო მოგვწონს. ნავიგაციის სისტემა რეალურ დროში მუშაობს, ხმოვანი ბრძანებების სისტემა ძალიან სწრაფად და სანდოდ რეაგირებს.

Mirai ფუნქციონირებს, პრიუსი მზადაა

Auto Bild

თუმცა დავუბრუნდეთ Mirai-ს: დიახ, წყალბადის სათბობ ელემენტზე მომუშავე ავტომობილს აქვს პოტენციალი. თუმცა დღეისათვის, ყოველდღიური მოხმარების კრიტერიუმით ზედმეტად კომპლექსურია. აქედან გამომდინარე, თამამად ვამბობთ, რომ უდარდელობას თავისი პლუსი აქვს - უპირატესობა Prius-ს! თანაც, მისი ჰიბრიდული ამძრაობა საუკეთესოა და ავტომობილიც შესაშურად გამძლეა.

Auto BildAuto Bild

დასკვნა
Mirai-ს ტესტ-დრაივმა დაგვარწმუნა, რომ წყალბადის ავტომობილი მომავლის სიმღერა კი არა, აბსოლუტურად სერიოზული რეალობაა. თუმცა ჯერჯერობით ჰიბრიდი მაინც მნიშვნელოვნად მისაღები და უპრობლემო ვარიანტია. ახალი ”პრიუსი” კიდევ უფრო ეკონომიური და კორექტული ავტომობილია.
იან ჰორნი

Auto Bild

Toyota Prius IV
ძრავა: 4-ცილინდრიანი; მოცულობა: 1797 სმ3; სიმძლავრე: ელ. ძრავა 53 კვ (72 ცხ. ძ.); ბენზინის ძრავის სიმძლავრე: 72 კვტ (98 ცხ. ძ.)/5200; ბრუნის მომენტი: 163 ნმ; ამძრაობა: წინა; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4540/1490/1195 მმ; საბარგულის მოცულობა: 502 ლიტრი
Auto Bild

Toyota Mirai
წყალბადზე მომუშავე ავტომობილი; სიმძლავრე: 114 კვ (155 ცხ. ძ.); ელ. NiMh, 244,8-ვოლტიანი, 1,6 კვ/სთ • მაქს. სიჩქარე: 178 კმ/სთ; აჩქარება: 0-100 კმ/სთ: 9,6 წამში; ამძრაობა: წინა; წყალბადის ავზი: 5 კგ; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4890/1815/1535 მმ; საბარგულის მოცულობა: 361 ლიტრი
Auto Bild
Auto Bild

ასევე იხილეთ:
ლეგენდარული „გზის მეფე“ - Toyota LC200 ახალ სახეს იძენს!
Auto Bild


რა შეუძლია ახალ ”ტოიოტა ჰაილუქსს”?
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2016-08-01 12:17:55
ფრთხილად, გერმანულო ბრენდებო! SUV-კლასში Jaguar F-Pace-ის სახით სერიოზული მატებაა. მოდი, ვნახოთ, რას გვთავაზობს ეს ინგლისელი
article image
Cat Image
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
article image
Cat Image
2016-07-26 05:21:25
”აუდის” ახალმა კუპემ ისეთი დეტალებით გაგვაოცა, აქამდე მერსედესისგან რომ ვიცოდით...
სხვა სიახლეები
22.08.2016
იაპონურ ავტომობილებს ჩვენში პატივისცემა ისედაც არ აკლიათ, მაგრამ მაინც: ეს 10 სპორტული იაპონელი ყველა ავტომოყვარულმა უნდა დააფასოს!
სრულად
22.08.2016
ოქროს საჭე 2016-ის ნომინანტები: კატეგორია ”ჰიბრიდები და ელექტრომობილები”
სრულად
22.08.2016
ოქროს საჭე 2016-ის ნომინანტები: კატეგორია ”სპორტული ავტომობილები”
სრულად
ახალი ნომერი