ბევრი BMW ახალ A4-ში!
ბევრი BMW ახალ A4-ში!
18.01.2016
ახალი Audi A4 კარგად რომ გამოიყურება, ეს უკვე ვიცით. მაგრამ როგორ დადის ინგოლშტადტელთა ბესტსელერი?

ნუთუ ეს მართლაც ახალი A4-ია? ”აუდის” ასეთი ნაბიჯი ან ძალიან თამამია, ანაც საკმაოდ საშიში, რადგან როდესაც მარკის ბესტსელერის ახალი მოდელი ასე ძალიან ჰგავს წინამორბედს, გაცილებით უკეთ მაინც უნდა დადიოდეს იმისთვის, რომ ქება დაიმსახუროს და BMW-ს ”მესამე სერიის” უკან არ აღმოჩნდეს. მოკლედ, მოლოდინი დიდია და ვნახოთ, რას გვთავაზობს ”აუდი”.

ჩვენ ახალი Audi A4 თავის უმთავრეს მტერ BMW 3er-თან ერთად იტალიაში წავიყვანეთ და ვენეციის მიმდებარე მიდამოებში გავტესტეთ. პირველი შთაბეჭდილება? 2.0 TDI ძრავით ინგოლშტადტელი იმდენ სიამოვნებას ნაღდად გვთავაზობს, რომ მისი მიუნხენელი ვიზავი მინიმუმ შეფიქრიანდეს მაინც და ”თბილად ჩაიცვას”.

Auto Bild
გერმანული ბიზნეს-კოსტუმები: BMW-ს “მესამე სერია” და ახალი Audi A4

თუმცა მივყვეთ თანმიმდევრობით. ჩაჯდომისთანავე ცხადი ხდება, რომ ახალ A4-ში ისევ აკურატულობის ზეიმია. მნიშვნელობა არ აქვს, რას მოკიდებ ხელს, ნებისმიერი ზედაპირი ხარისხიანია. შეერთების ადგილები იმდენად ზუსტად ზის, რომ თვით BMW 320d, რომელიც ასევე ახლახან განახლდა, ამ კრიტერიუმში მთლად ასეთი სრულყოფილი ვერ არის.

სამაგიეროდ, ”აუდის” მომსახურების სისტემა არ არის ისეთი მარტივი და გასაგები, როგორიც BMW-სი. გარდა ამისა, ბავარიელთა ”მესამე სერია” უკანა სავარძელზე მსხდომთ მუხლების წინ მეტ სივრცეს სთავაზობს და, შესაბამისად, უფრო მეტად ეთქმის საოჯახო მანქანა. თუმცა ეს ის განსხვავებაა, რომელიც Touring-ისა და Avant-ის შედარებისას უფრო დაფასდება. თანაც, კომბი-კლასში დიზელის ძრავები უფრო პოპულარულია.

Auto Bild
AUDI A4 2.0 TDI: ეკრანი მყარია, როგორც C-კლასში. შესანიშნავად გამოიყურება კლიმატის რეგულატორებიც.

Auto Bild

აქვე ვთქვათ, რომ ”აუდის” 2.0 TDI უფრო უხმაურია, ვიდრე 320d, რადგან ”აუდიმ” ძრავის ხმაურიზოლაციაც გააუმჯობესა და დიზელის აგრეგატის ჟღერადობა კიდევ უფრო მეტად ჩაახშო. ორივე მომხვდურის ძრავა ამ შემთხვევაში 2-ლიტრიანი დიზელია, ორივეს სიმძლავრე 190 ცხენის ძალა გახლავთ და ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ სიმძლავრისა და სვლის მონაცემების მიხედვით დუელანტები ერთმანეთს არაფერს დაუთმობენ. 100 კმ/სთ-მდე სპრინტს ორივე 7-8 წამში ახერხებს, თუმცაღა BMW ოდნავ უფრო სწრაფად ჩქარდება. მაქსიმალური სიჩქარე კი ორივეს შემთხვევაში 230-ზე ოდნავ მეტია. მოკლედ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე ძრავა მაგარია და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, საკმარისად აგრესიული მართვის დროს, საწვავის საშუალო ხარჯი ორივე მათგანის შემთხვევაში 6,5 ლიტრია.

”აუდიმ” ხარჯების დაზოგვის მიზნით ძარაში მსუბუქი ალუმინის გამოყენებაზე უარი თქვა და ფოლადის მიქსითა და მექანიკური გადაცემათა კოლოფით 1505 კილოგრამს იწონის. აი, 320d კი, თავისი 8-საფეხურიანი ავტომატიკით 1525 კილოგრამია.

Auto Bild
უკანა სავარძელზე მუხლებისთვის უფრო ცოტა სივრცეა, ვიდრე BMW-ში

მთებისკენ მიმავალ ავტოსტრადაზე გერმანული სედანები სოლიდურ ლიმუზინობას ცდილობენ. BMW მხოლოდ სპორტულ რეჟიმში და ისიც 180 კმ/სთ-ის მერე რეაგირებს ზედმეტი მგრძნობელობით, ”აუდი” კი თავისი ადაპტირებადი სავალი ნაწილით გამოირჩევა და მხოლოდ Comfort და Dynamic რეჟიმებს შორის აკლია სიმძაფრე.

სამაგიეროდ, მოსახვევებიან შარაგზებზე გელით სასიამოვნო სიურპრიზები. რაც უფრო ვიწროა რადიუსები და რაც უფრო ცუდია ასფალტი, ”აუდი” მით უფრო ცოცხალი ჩანს და ამ დროს ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს ბორტიდან უცებ 150 კილოგრამი მოისროლა. მოხვევის ახალი სისტემა და ხუთბერკეტიანი საკიდარი ისე ჰარმონიულად თანამშრომლობენ, რომ წინა ამძრაობა დაგავიწყდება. A4 თავის 18-დუიმიან დისკებზე წამოცმული საბურავებით მოსახვევებს გემრიელად მიირთმევს და მხოლოდ ზღვარსგადასული რისკის შემდეგ გახსენებს უკანა ამძრაობის უპირატესობებს. ერთი სიტყვით, თამამად უნდა ითქვას, რომ Audi A4-ში ამდენი BMW აქამდე არასდროს ყოფილა დამალული.

Auto Bild
BMW 320d: საუკეთესო მომსახურება, კარგი დამუშავება

ამიტომაც უნდა ”ჩაიცვას თბილად” 320d-მ, რომელიც თავისი ავტომატიკითა და Luxury Line-ით უფრო რბილი და კომფორტულია. ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ ამ ორ ავტომობილს შორის დუელი ახალ რაუნდში გადავიდა და ბრძოლა დაიძაბება. თუმცა აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ წარსულს ჩაბარდა დრო, როცა კარგი კომპლექტაციით Audi A4 მაინცდამაინც ძვირი არ იყო. ასეა: ინგოლშტადტელები თამამ ნაბიჯებს დგამენ და არ ეშინიათ.Auto Bild

დასკვნა
A4: შემდგარი და დინამიკური
თუკი ახალი A4-ის ვიზუალმა არ გაგიმართლათ იმის მოლოდინი, რომ დიზაინი მნიშვნელოვნად შეიცვლებოდა, ამ დანაკლისს მისი დინამიკური შესაძლებლობები აგინაზღაურებთ. მისი სავალი ნაწილი და მოხვევის სისტემა შესანიშნავი კომპრომისია, სპორტისა და კომფორტის სრულყოფილი ნაზავია. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ინტერიერი, მულტიმედია და ასისტენტებიც.

3er: სოლიდური და მრავალმხრივი
”აუდიზე” მოკლეა, მაგრამ მასზე მეტ სივრცეს გვთავაზობს. გაწონასწორებულია და უკანა ამძრაობის დამსახურებით, სპორტულადაა შესრულებული. BMW-ს ”მესამე სერია” სამართლიანად მიიჩნევა კლასის მასშტაბად. ახალმა ამორტიზაციამ BMW უფრო გაამძაფრა. ამასთან, მისი ავტომატიკა და მომსახურების კონცეფცია საუკეთესოა.
იოახიმ შტაატი

  • Audi A4 2.0 TDI
ძრავა: 4-ცილინდრიანი, Turbo; მოცულობა: 1968 სმ3; სიმძლავრე: 140 კვტ (190 ცხ. ძ.) 3800 ბრ/წთ; ბრუნის მომენტი: 400 ნმ/1750; მაქს. სიჩქარე: 240 კმ/სთ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 7,7 წამში; ამძრაობა: წინა/6-საფ. მექანიკა; ავზი: 40 ლ. (ოფცია: 54 ლ); სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4726/1842/1404 მმ; საბარგულის მოცულობა: 480 ლ; წონა: 1505 კგ; საწვავის ხარჯი (EU-საშუალო): 4,3 ლ. დიზელი/100 კმ-ზე; გამონაბოლქვი: 111 გ/კმ.

Auto Bild

  • BMW 320d Automatik
ძრავა: 4-ცილინდრიანი, Turbo; მოცულობა: 1995 სმ3; სიმძლავრე: 140 კვტ (190 ცხ. ძ.) 4000 ბრ/წთ; ბრუნის მომენტი: 400 ნმ/1750; მაქს. სიჩქარე: 230 კმ/სთ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 7,2 წამში; ამძრაობა: უკანა/8-საფ. ავტომატიკა; ავზი: 57 ლ; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4633/1811/1429 მმ; საბარგულის მოცულობა: 480 ლ; წონა: 1525 კგ; საწვავის ხარჯი (EU-საშუალო): 4,0 ლ. დიზელი/100 კმ-ზე; გამონაბოლქვი: 106 გ/კმ.

Auto Bild

იხილეთ ვიდეო:


ასევე დაგაინტერესებთ:
გაიცანით: შეჯავშნული Audi A8 L
Auto Bild


მანქანები ისეთი კაცებისთვის,
რომლებიც მკერდზე თმას არ იპარსავენ...
Auto Bild


ახალი Audi R8 და ჩემი 24 წუთი ლე მანზე
Auto Bild


ახალი Audi S8 Plus 605 ცხენის ძალით
Auto Bild


ახალი Audi A4 უფრო მსუბუქი,
მძაფრი, დიდი და მდიდრულია!

Auto Bild


აუდის ყველაზე დიდი Q
Auto Bild


BMW-მ ლას ვეგასში მომავალი გვიჩვენა! (+ VIDEO)
Auto Bild


ლუქსი გერმანულად: ახალი მე-7 სერია და S-კლასი
Auto Bild


BMW-ს ახალი ლუქს-ლიმუზინი:
ყველაფერი ახალი მე-7 სერიის შესახებ

Auto Bild


იხილეთ ფოტოგალერეა:
რა შეიცვალა ახალ მე-7 სერიაში
წინამორბედ მოდელთან შედარებით?
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2016-08-24 11:19:51
”ოპელი” 2017 წლიდან ახალ ელექტრომობილს შემოგვთავაზებს. ეს გახლავთ Opel Ampera-e, რომელსაც BMW i3-ზე მეტი ძალა აქვს, აჩქარებით კი ”ოპელის” სპორტულ მოდელებსაც კი გაუწევს კონკურენციას.
article image
Cat Image
2016-08-01 12:17:55
ფრთხილად, გერმანულო ბრენდებო! SUV-კლასში Jaguar F-Pace-ის სახით სერიოზული მატებაა. მოდი, ვნახოთ, რას გვთავაზობს ეს ინგლისელი
article image
Cat Image
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სხვა სიახლეები
24.08.2016
მართალია, წარწერა ”750 Li” სწორედ BMW-ს მარკის ლუქს-ავტომობილზე მიუთითებს, მაგრამ ეს ის არ არის
სრულად
24.08.2016
”ოპელი” 2017 წლიდან ახალ ელექტრომობილს შემოგვთავაზებს. ეს გახლავთ Opel Ampera-e, რომელსაც BMW i3-ზე მეტი ძალა აქვს, აჩქარებით კი ”ოპელის” სპორტულ მოდელებსაც კი გაუწევს კონკურენციას.
სრულად
22.08.2016
იაპონურ ავტომობილებს ჩვენში პატივისცემა ისედაც არ აკლიათ, მაგრამ მაინც: ეს 10 სპორტული იაპონელი ყველა ავტომოყვარულმა უნდა დააფასოს!
სრულად