დათა ქაჯაია ამ სუპერ-გოლფით იასპარეზებს!
დათა ქაჯაია ამ სუპერ-გოლფით იასპარეზებს!
18.03.2016
გაიცანით: ახალთახალი Volkswagen Golf GTI TCR – „ფოლკსვაგენის“ მიერ ავტოსპორტისთვის შექმნილი მანქანა, რომლითაც დათა ქაჯაია TCR-ის (Touring Car Racing) საერთაშორისო სერიაში იასპარეზებს.

„ფოლკსვაგენმა“ „გოლფის“ ეს ახალი სპორტული ვერსია სხვადასხვა გუნდებს 11 მარტიდან ჩამოურიგა. ახალი VW Golf GTI TCR დათა ქაჯაიას გუნდმაც მიიღო და, ცხადია, თავად ქართველმა მრბოლელმაც, ამ დღეებში ესპანეთში ვარჯიშობდა. ქაჯაია TCR-ის პირველი ეტაპისთვის (2-3 აპრილი, ბაჰრეინი) ემზადება.

Auto Bild

საინტერესო სიახლეა ის, რომ გერმანელებმა ავტომობილის სახელწოდებაში „ფოლკსვაგენის“ გულშემატკივრებისთვის მაგიური და უსაყვარლესი სამი ასო - GTI ჩაამატეს. ამრიგად, თუკი შარშანდელ სეზონში ავტომობილს VW Golf TCR ერქვა, ამიერიდან მისი სრული სახელია VW Golf GTI TCR და მას ფოტოებზე ხედავთ.

აქვე ვთქვათ, რომ Golf GTI TCR-ის სარბოლო სავალი ნაწილი და ტექნიკა მთლიანად „ფოლკსვაგენის“ მიერაა შექმნილი. „გოლფის“ ეს სარბოლო ვერსია ჩვეულებრივ, სერიულ მოდელზე 40 სანტიმეტრით განიერია. წინა და უკანა ფრთები კარბონისაა.

Auto Bild

დათა ქაჯაია ამ ავტომობილში იდეალურად იქნება დაცული, რადგან Golf GTI TCR მაქსიმალურად აკმაყოფილებს FIA-ს რეგლამენტს უსაფრთხოების თვალსაზრისით. ქაჯაიას ახალ ბოლიდს კაპოტის ქვეშ Golf R-დან ნაცნობი 2-ლიტრიანი Turbo-ძრავა უდგას, რომლის სიმძლავრე ამ შემთხვევაში 330 ცხენის ძალაა, ბრუნის მაქსიმალური მომენტი კი - 410 ნიუტონმეტრია. აღსანიშნავია ისიც, რომ VW Motorsport-მა GTI TCR „სეატთან“ ერთად შექმნა - როგორც იცით, „სეატს“ ავტოსპორტში დიდი გამოცდილება აქვს. Seat Leon Cup Racer ხომ საკმაოდ წარმატებული ბოლიდია.

„AUTO BILD საქართველო“ დათა ქაჯაიას ესპანეთში დაუკავშირდა - შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული კლუბის MIA Force-ის წევრმა თავისი ახალი ბოლიდი ვალენსიაში გაიცნო და ამ დღეებში ინტენსიურად ვარჯიშობდა. დათას ავტომობილის შესახებ პირველი შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ.

Auto Bild

„მანქანა ძალიან მომეწონა, პირველმა ტესტებმაც კარგად ჩაიარა. Golf GTI TCR-ს ნელ-ნელა ვეჩვევი. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი ვარჯიშია საჭირო იმისათვის, რომ ეს ავტომობილი მაქსიმალურად გავიცნო და შევისისხლხორცო. პირველი შთაბეჭდილება კი ძალიან კარგია. 330 ცხენის ძალა და 410 ნიუტონმეტრი აბსოლუტურად საკმარისი მონაცემებია. ასევე აქვს ხისტი ბლოკირება, მაგრამ ისეთი ძლიერია, თუ ზუსტად არ მოეპყარი აქსელერაციის სატერფულს, ანუ, გაზის პედალს, მოსახვევის გასასვლელში მესამეთიც ბუქსაობს,“ - გვითხრა დათამ.

TCR - ჩემპიონატი, სადაც დათა ქაჯაია ახალი სეზონიდან იასპარეზებს

Auto Bild

დათა ქაჯაია შარშან გერმანულ გუნდ «ენგსტლერთან» ერთად ETCC-ს TC2T კლასის ჩემპიონი გახდა. მან 12-დან 9 რბოლა მოიგო და ყველა შეჯიბრებაში ტოლ-სწორად ეპაექრებოდა «სეატის» მონო სერიის მონაწილეებს, რომლებიც უფრო მძლავრი და მსუბუქი ავტომობილებით ასპარეზობდნენ.

სწორედ ამიტომ, გუნდის მფლობელმა და წარსულში თავადაც სახელოვანმა მრბოლმა ფრანც ენგსტლერმა დათას უყოყმანოდ შესთავაზა კონტრაქტი და ახალი სეზონიდან ქაჯაია გაცილებით მაღალ დონეზე - TCR-ის (Touring Car Racing) საერთაშორისო სერიაში იასპარეზებს, რომელიც ამავე კლასის მსოფლიოს ჩემპიონატის WTCC განაყოფია და ყველა კონტინენტს მოიცავს.

Auto Bild

TCR-ის საერთაშორისო სერია WTCC-ის ყოფილმა პრომოუტერმა, მარჩელო ლოტიმ ჩამოაყალიბა. TCR-ის პირველი სეზონი შარშან გაიმართა და მასში 14 გუნდი და 40-ზე მეტი მრბოლელი მონაწილეობდა. ჩემპიონი შვეიცარიელი სტეფანო კომინი გახდა, რომელმაც ეს ტიტული Seat Leon-ით მოიპოვა, მისი გუნდი კი იტალიურია - სახელწოდებით Target Competition.

ახალ სეზონში დათას ავტომობილი დიდი ალბათობით VW Golf TCR იქნება, ისე კი, ამ შეჯიბრში მრბოლელები შემდეგი მოდელებით მონაწილეობენ: Alfa Romeo Giulietta TCR (ძრავა: 1750 TBi), Ford Focus ST (EcoBoost 2.0), Honda Civic TCR (R20A i-VTEC SOHC), Opel Astra OPC Cup (GM Ecotec LDK), Seat Leon TCR (2.0 R4 TSI), Subaru Impreza STi TCR (EJ257), Volkswagen Golf TCR (2.0 R4 TSI). აღსანიშნავია, რომ დათას ყველა კონკურენტს ტურინგის კლასში ასპარეზობის უზარმაზარი გამოცდილება აქვს.

ასევე იხილეთ:
ჩვენი საამაყო კაცი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება
ინტერვიუ დათა ქაჯაიასთან
Auto Bild


ცხოვრებას სინამდვილეში არანაირი წესი არ აქვს...
მიხაელ შუმახერის ცნობილი გამონათქვამები

Auto Bild


აირტონ სენას ცნობილი გამონათქვამები
Auto Bild


პლანეტის ყველაზე სექსუალური ავტომრბოლი ქალები
Auto Bild
article image
2016-05-24 06:46:37
როგორი უნდა იყოს ნაღდი, Made in Germany ”ბენცი” დღესდღეობით? სწორედ ისეთი, როგორიც
article image
Cat Image
2016-05-23 09:25:45
ევროპაში პატარა SUV-ებია მოდაში. ჰოდა, მოდას არც „აუდი“ უნდა ჩამორჩენოდა - გაიცანით Q2
article image
Cat Image
2016-05-20 09:30:03
„მერსედესო“, BMW, „აუდი“, ფრთხილად და ყურადღებით: Volvo S90-ის სახით თქვენ ახალი, ძალიან ძლიერი კონკურენტი გყავთ.
სხვა სიახლეები
27.05.2016
რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი
სრულად
27.05.2016
იმ დღეს, სამსახურს რომ მივუახლოვდი, ყურადღება ყაყანმა მიიპყრო. ნაცნობი ”სტაიანშჩიკის” ხმა იყო.
სრულად
24.05.2016
როგორი უნდა იყოს ნაღდი, Made in Germany ”ბენცი” დღესდღეობით? სწორედ ისეთი, როგორიც
სრულად
ახალი ნომერი