აუდი, როგორც მერსედესი... (+ VIDEO)
აუდი, როგორც მერსედესი... (+ VIDEO)
26.07.2016
”აუდის” ახალმა კუპემ ისეთი დეტალებით გაგვაოცა, აქამდე მერსედესისგან რომ ვიცოდით...

სსსსსსსსსტ... ახალ Audi S5-ში ჯერ წესიერად არც ჩავმჯდარვარ და უკვე მაოცებს. უსაფრთხოების ღვედის მომწოდებელი B-საყრდენიდან ჩუმად გამოდის და ღვედს ისე მაწვდის, როგორც კარგი ოფიციანტი დაგისხამს წითელ ღვინოს. ათწლეულების მანძილზე, ასეთი ჩუმი ლუქსი ”მერსედესის” კუპეებში მოგვწონდა.

ხომ ერთი პატარა დეტალია, მაგრამ კუპესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი! რაც უნდა იყოს, პირველი A5-ის გამოშვების შემდეგ ყველანი სასიამოვნოდ გაოცებულები, მეტიც, შოკირებულები კი ვიყავით, მაგრამ მისი შემცვლელის ნახვისას შოკი უკვე გამორიცხული იყო, რადგან ”აუდის” დიზაინის განვითარება-განახლებაზე ფიქრითა და მუშაობით თავი დიდად არ შეუწუხებია.

Auto Bild
ასე მოემართება მძღოლისკენ ღვედი. ეს ყველაფერი ახალ Audi S5-ში, რა თქმა უნდა, ელექტრონულად ხდება...

მიუხედავად იმისა, რომ წინამორბედისგან ფაქტობრივად არცერთი დეტალი არ აუღია, სრულიად ახალი მოდელის ასე შეუმჩნევლად შეფუთვა, რბილად რომ ვთქვათ, საკვირველია. მაგრამ მერე ხედავ და გრძნობ ისეთ დეტალებს, როგორიცაა თუნდაც ეს ღვედის ელექტრონული მომწოდებელი და რწმუნდები, რომ სერიოზულ წინსვლასთან გაქვს საქმე. თუმცა, ”აუდი” ”მერსედესის” როლს მხოლოდ ამ დეტალით როდი თამაშობს.

Auto Bild
...ისე, როგორც ”მერსედესის” კუპეებში ვართ მიჩვეულები

ბევრს რომ არ მივედ-მოვედოთ, საჭესთან დაჯდომისთანავე ამჩნევ: ახალი S5 პირველ რიგში იმით გაოცებს, რომ ინტერიერში ყველაფერი ძალიან სოლიდურად გამოიყურება. ყველგან ხვდები მოკრძალებულ ელეგანტურობას და დამუშავების ისეთ ხარისხს, დღემდე სწორედ ”მერსედესისთვის” რომ იყო დამახასიათებელი. და ახალი S5 ერთი ნაბიჯით წინაცაა: ციფრული კოკპიტი ხომ მომავლის სიმღერაა! მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ A4-დანაა ნაცნობი, ამ კუპეში გამოყენებული მასალები უფრო ხარისხიანი ჩანს, ტყავის სავარძლები კი მეტი ინდივიდუალური სტილით გამოირჩევა.

”მერსედესისკენ” გადახრა და მსგავსებები კიდევ უფრო გაძლიერდება მაშინ, როცა ავტომობილს დაძრავ - ესეც მეორე სიურპრიზი. საქმე ისაა, რომ სიმართლე გითხრათ, შფოთიან და შმაგ კუპეს ველოდით. ხომ გახსოვთ, წინამორბედის დინამიკურობა უხისტესი სავალი ნაწილით იყო მიღებული. ახლა კი ზედმეტი სიხისტე ოდნავადაც აღარ იგრძნობა! და ეს S5-იც უკვე კომფორტული Gran Turismo გახლავთ, უსწრაფესია და მიუხედავად ზემოთ თქმულისა, მაინც ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე დადის. ეს ყველაფერი კი ნამდვილად უხდება გაზრდილ ტევადობას - სპორტულ სავარძლებში, ამ მხრივ, თავს დაახლოებით ისე გრძნობ, როგორც A4-ში. დახრილი სახურავიც კი არ გვამრთმევს იმდენ სივრცეს, რომ ამის აღნიშვნა ღირდეს. აი, Dynamik-რეჟიმში კი S5 უკომპრომისო ხდება და ნიჭიერი სპორტული კუპეს როლს ირგებს - ძრავის შესაბამისი ჟღერადობით, გახისტებული სავალი ნაწილითა და სვლის ნეიტრალური მანერით.

Auto Bild
Hello, Captain Future! ციფრულ კოკპიტს Audi A4-დან ვიცნობთ

და ჩვენც უკვე მოუთმენლად ველით იმ დღეს, როცა მას რომელიმე სპორტულ კონკურენტს შევადარებთ, რაც პირველ რიგში მისი ახალთახალი ძრავის დამსახურებაა. ინგოლშტადტელებმა კომპრესორზე უარი თქვეს და ახლა ტურბირებულ აგრეგატს ენდობიან, რომლის სიმძლავრე 354 ცხენის ძალა გახლავთ - წინამორბედზე 21-ით მეტი. დასტარტვის დროს იგრძნობა, რაოდენ კარგად მუშაობს ახალი ძრავა, მანქანის სვლის კულტურა კი BMW-ს ლეგენდარულ ერთრიგა, მწკრივულ 6-ცილინდრიანს გვაგონებს. აქსელერატორზე მცირე წაჭერაც საკმარისია, რომ S5-მა ნამდვილი შტურმი მოაწყოს, ტახომეტრის ისარი წითელ ზონამდე უსწრაფესად ადის, სერიული 8-საფეხურიანი ავტომატიკა კი გადაცემებს იდეალურად რთავს. ამ ყველაფერს ემატება ძრავის შესანიშნავი ხმა - გაცილებით უკეთესი და რეალური, ვიდრე წინამორბედს ჰქონდა.

Auto Bild
4 მაყუჩი შესაბამისი ჟღერადობისთვის. Audi S5 კარგად დადის და კარგ ხმასაც გამოსცემს

ახალი S5 A5-თან ერთად, შემოდგომაზე გამოდის. დღეისათვის მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ S5-ის საწყისი ფასი დაახლოებით 55 000 ევრო იქნება და წინამორბედზე დაახლოებით 2500 ევროთი ძვირი ეღირება. მიუხედავად იმისა, რომ ახლის სერიული კომპლექტაცია უკეთესია, ეს მაინც საკმაოდ დიდი ფულია, მაგრამ S5-ის ხარისხი და შესაძლებლობები ფასს შეესაბამება. თუ მანამდე ვერ მიხვდი, ამას სულ ბოლოს მაინც მიხვდები - როცა მანქანიდან გადმოსვლას დააპირებ. ამ დროს უსაფრთხოების ღვედი ისევ ნაზად დაიძრება B-საყრდენისკენ. სსსსსსსსსტ.Auto Bild
  • Audi S5 Coupe
ძრავა: V6, Turbo; ძრავის მოცულობა: 2995 სმ3; სიმძლავრე: 260 კვტ (354 ცხ. ძ.)/5400; მაბრუნი მომენტი: 500 ნმ/1370; მაქს. სიჩქარე: 250 კმ/სთ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 4,7 წამში; ამძრაობა: სრული/8-საფ. ავტომატიკა; ავზი: 58 ლიტრი; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4692/1846/1368 მმ; საბარგულის მოცულობა: 465 ლ.; წონა: 1690 კგ; საწვავის ხარჯი (EU-Mix): 7,3 ლ. Super/100 კმ-ზე; გამონაბოლქვი: 166 გ/კმ-ზე; ფასი: დაახლოებით 55 000 ევროდან

დასკვნა
ახალი Audi S5 - ეს არის ორი მანქანა ერთში. ერთის მხრივ, შესანიშნავი Gran Turismo და მეორე მხრივ, მოქნილი სპორტული კუპე. ფაქტია, რომ ”აუდიმ” წინამორბედის სუსტი მხარეები ისტორიას ჩააბარა. მანქანა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და, სამწუხაროდ, ფასმაც აიწია. ექსტერიერის დიზაინის თვალსაზრისით კი პროგრესი არ ჩანს.
შტეფან ფოსვინკელი

იხილეთ ვიდეო: ახალი Audi S5




ასევე იხილეთ:
როგორ დადის განახლებული Audi A3? (+ VIDEO)
Auto Bild


Audi A3 ახალი ბრწყინვალებით
Auto Bild


გაიცანით: ახალი Audi Q2 (+ VIDEO)
Auto Bild


გაიცანით სამეფო აუდი
Auto Bild


ასეთი იქნება მომავალი Audi A8-ს ინტერიერი
Auto Bild


მანქანა, რომელსაც უკან სვლა არ ჭირდება!
Auto Bild


ბევრი BMW ახალ A4-ში!
Auto Bild


გაიცანით: შეჯავშნული Audi A8 L
Auto Bild


მანქანები ისეთი კაცებისთვის,
რომლებიც მკერდზე თმას არ იპარსავენ...
Auto Bild


ახალი Audi R8 და ჩემი 24 წუთი ლე მანზე
Auto Bild


ახალი Audi S8 Plus 605 ცხენის ძალით
Auto Bild


ახალი Audi A4 უფრო მსუბუქი,
მძაფრი, დიდი და მდიდრულია!

Auto Bild


აუდის ყველაზე დიდი Q
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2017-01-10 11:12:03
”ტოიოტამ” დეტროიტის ავტოშოუზე ახალი Camry წარმოადგინა. იაპონელთა ბესტსელერს აშშ-ის ბაზარზე ახლა უფრო ემოციური დიზაინი აქვს და ახალი ძრავებიც მიიღო.
article image
Cat Image
2017-01-09 12:09:06
ახალი ცხვირი, ახალი ტექნიკა: ”მერსედესმა” თავისი კომპაქტური SUV, პოპულარული GLA განაახლა.
article image
Cat Image
2017-01-04 12:02:45
”კიამ” ახალი ”პიკანტოს” პირველი ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნდა, რომლებზეც კორეელთა მცირელიტრაჟიანი
სხვა სიახლეები
18.01.2017
საიდუმლოს აღარ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ”მერსედესი” G-კლასის პიკაპზე მუშაობს, რომელიც G 500 4x4²-ის ბაზაზე შეიქმნება.
სრულად
18.01.2017
ლას ვეგასში გამართულ საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის შოუზე (CES), „ჰიუნდაიმ“ თავისი მომავლის ინტერიერი ორიგინალურად, საცხოვრებელი შენობის ნაწილად წარადგინა.
სრულად
18.01.2017
ლეგენდარული გერმანული ტრეკის აბსოლუტური რეკორდი ამჟამად სწორედ „რადიკალის“ მოდელს ეკუთვნის
სრულად
ახალი ნომერი