ჰეჩბექის უკანალი, დახრილი სახურავი, რა არის ამაში კარგი?
ჰეჩბექის უკანალი, დახრილი სახურავი, რა არის ამაში კარგი?
20.12.2016
მათ ზოგი სისულელეს უწოდებს, ზოგი კი - ძალიან მაგარ საავტომობილო მოდას. SUV-კუპეებმა ავტომოყვარულები ორ ბანაკად გაყო. მოდი ვნახოთ, როგორ წარმოაჩენს თავს ახალი Mercedes GLC Coupe თავისი უმთავრესი კონკურენტის, BMW X4-ის გვერდით

Auto Bild

ზოგჯერ, ზოგიერთი რამ მართლაც მეტისმეტია. მაგალითად, ნაყინი იანვარში, ან მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი ყატარში. ნონსენსების სწორედ ასეთ კატეგორიაში გადიან SUV-კუპეებიც. მაინც რა უნდა ვუწოდოთ ისეთ ავტომობილს, რომელშიც მაღლა ზიხარ და რომლებიც თავიდან თავადაც მაღლები იყვნენ, მერე კი დაადაბლეს - ოღონდ, მათში მაინც მაღლა ზიხარ? მაგრამ როდესაც არსებობენ სამარისზე მეტი ადამიანები, რომლებიც ასეთ ავტომობილებში ფულს იხდიან, რაღა უნდა ვთქვათ? SUV-კუპეები გამართლებულია - ამას BMW X6-ისა და უფრო პატარა X4-ის წარმატებები მოწმობს. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ასეთი ავტომობილით ფულის შოვნა ”მერსედესშიც” მოუნდათ. ნოემბრიდან, GLC Coupe-მ ”მერსედესის” შოურუმები ავტობუტიკებად გადააქცია. ეს ის შემთხვევაა, როცა ვიზუალს უფრო დიდი მნიშვნელოვა ენიჭება, ვიდრე შესაძლებლობებს, პრესტიჟი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცხენის ძალები. შესაბამისად, დადგა დრო, რომ ამ ავტომობილით გავისეირნოთ და თან აუცილებლად უნდა წავიყვანოთ BMW X4-იც.

Auto Bild
20-დუიმიანი დისკები ნამდვილად უხდება

რა თქმა უნდა, ზომებით უნდა დავიწყოთ. GLC Coupe უფრო გრძელია (8 სანტიმეტრით) და უფრო დაბალი, ვიდრე ჩვეულებრივი GLC და სწორედ ამ პროპორციებშია მისი საიდუმლო. ”მერსედესი” უფრო მძლავრად გამოიყურება, BMW X4 კი - უფრო მძაფრად. ამ წინადადებით უკვე შევაბიჯეთ გემოვნების უდიდეს მოედანზე, სადაც დისკუსიების მთელი კასკადია. ზოგი ამას იტყვის, ზოგიც - იმას. ჩვენ კი მხოლოდ ეს ვთქვათ: ”მერსედესმა” ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა შექმნას კუპეს ფორმა, შტუტგარტელებს ეს SUV კლასის ავტომობილშიც ელეგანტურად გამოუვიდათ. და მერე რა, რომ ასეთი კონცეფცია პირველად BMW-მ შემოგვთავაზა? ფაქტია, ნეიტრალურ ავტომოყვარულებს უჭირთ, იპოვნონ პასუხი კითხაზე: რომელი უფრო მოხდენილი SUV-კუპეა - ახალი GLC Coupe თუ უკვე გამოცდილი X4?

Auto Bild
ზუსტად ისეთი შესრულება, როგორც GLC-ში, მხოლოდ საჭე დგას უფრო ვერტიკალურად

Auto Bild

კუპეების სიმსუბუქე რომ მოდიდან გადადის, ესეც ამ SUV-კუპეების დამსახურებაა. თუმცა დარჩა და არაფერი ემუქრება იმ ტენდენციას, რომლის მიხედვითაც SUV-კუპეც დომინანტური უნდა იყოს - მაჩოს სტილში. მძლავრად უნდა გამოიყურებოდეს, სიძლიერე უნდა ეტყობოდეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ SUV-კუპეს ფენომენი ”მერსედესმა” კიდევ უფრო დახვეწა. დამუქებული მინები ფაქტობრივად სავალდებულოა და სატესტო ეგზემპლარს საფეხურებიც აქვს, რომლებიც მანქანიდან ლამის ყოველი გადმოსვლისას შარვალს დაგისვრის. ერთი სიტყვით, თუ კლასიკური თვალით შევხედავთ, GLC Coupe საკმაოდ მსუქნად გამოიყურება ისეთი ავტომობილის კვალობაზე, რომელსაც სახელწოდებაში სიტყვა კუპე ურევია. თუმცაღა, ძალიან უხდება AMG-ის 20-დუიმიანი დისკები. მართალია, ამის შედეგად სვლის კომფორტი მცირდება, მაგრამ რას ვიზამთ - სილამაზე ხომ მსხვერპლს მოითხოვს. კიდევ კარგი, რომ Michelin-ის სპეციალური საბურავები აქვს, რაც შემცირებულ კომფორტს ასეთუ ისე აბალანსებს.

Auto Bild
MERCEDES GLC COUPE: უკან ნორმალურად თავსდები, თავს ზემოთაც საკმარისი სივრცეა და მუხლების წინაც. ფანჯრები X4-ზე პატარაა

ასეთი ვიზუალური დომინანტობის ფონზე, თითქმის ზედმეტია ის, რომ ამ ორი ავტომობილის პრაქტიკულ მხარეებსა და მათი ყოველდღიური გამოყენების გონივრულობაზე ვისაუბროთ. ტექნიკა, კოკპიტი და სავარძლები მათ GLC-სგან და X3-სგან აქვთ აღებული. ეს ნიშნავს კარგ მომსახურებას, კომფორტულად ჯდომას და საკმარის სივრცეს წინ. დამუშავების ხარისხი ორივე ავტომობილში კარგია, თუმცა ”მერსედესში” ოდნავ უკეთესი!

უკანა მინები ძალიან პატარაა, ხილვადობა კი, შესაბამისად, უკიდურესად შეზღუდული და მხოლოდ უკანა ხედვის კამერით (”მერსედესში” სერიულია, BMW-ში - 400 ევრო ღირს) ახერხებ უპროლემოდ დაპარკინგებას. BMW-ში უკან ჯდომა უფრო პრობლემურია. სამაგიეროდ, X4-ის საბარგულია უფრო პრაქტიკული და მოსახერხებელი. GLC-ში კი პირიქით: უკან ჯდომა უკეთესად ხერხდება, ვიდრე საბარგულის გამოყენება.

Auto Bild
X4 პატარა X6-ია, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს მოსწონს

როგორც GLC Coupe-ში, ისე X4-შიც, თანაბრად ხერხდება მაღალი სიმძიმის ცენტრისა და სპორტული საბურავების ერთმანეთთან შეუთავსებლობის დაბალანსება - ”მერსედესი” და BMW ამას დიდი ტექნიკური დანახარჯით აკომპენსირებენ. საქმე ისაა, რომ ყველაზე სუსტი, ბენზინის 2-ლიტრიანი ძრავის (211 და 184 ცხენის ძალა) შემთხვევაშიც კი სრულ ამძრაობას და ავტომატურ გადაცემათა კოლოფს ვიღებთ. სწორედ ამით ხერხდება ის, რომ ორივე მანქანამ, მოჭიდება ყველა მოსახვევში შეძლებისდაგვარად შეინარჩუნოს. ამასთან, ”მერსედესი” თვით საბაზო ვერსიაშიც კი პირდაპირ მოხვევას გვთავაზობს. და სპორტულ სავალ ნაწილსაც 15-მილიმეტრიანი დადაბლებით. ესეც იმიტომ კეთდება, რომ სიმძიმის ცენტრმა დაიწიოს. შედეგი: ჰმ... დიახ, GLC Coupe ოდნავ უფრო მეტად მანევრული და დინამიკურია, ვიდრე ჩვეულებრივი GLC.

Auto Bild
ავტომატიკის ბერკეტი აქ ცენტრალურ კონსოლზეა

გარდა ამისა, თავის საქმეს ადაპტირებადი ამორტიზატორებიც აკეთებენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ფიზიკის კანონებს მაინც ვერ მოატყუებ! როცა მოსახვევში თითქმის 2-ტონიანი SUV-ით შედიხარ, BMW 4er-ის ან Mercedes C-Coupe-ს დარ მანევრულობაზე ლაპარაკი ზედმეტია.

აი, პირდაპირ სვლა კი ორივეს კარგად ეხერხება. ორივე ისეთი ძრავითაა აღჭურვილი, რომ ასეთი სვლის დროს დინამიკას ვერ მოისაკლისებ. თანაც, ორივე 4-ცილინდრიანი ძრავა ტურბირებულია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ 100 კმ/სთ-მდე 7,3 წამში აჩქარება (მერსედესი) ძალიან კარგი შედეგია, რასაც ვეღარ ვიტყვით X4-ის მონაცემზე (8,1 წამი). და როგორი ჟღერადობა აქვთ ამ ძრავებს? X4-ში მთლად BMW-სთვის შესაფერის ხმას ვერ გაიგონებთ, GLC Coupe-ს კი სპორტული მაყუჩი (დამატებითი ოფცია) ეხმარება და ხელოვნურ ჟღერადობას მატებს. ესეც საქმეა.

Auto Bild
მომსახურების ყველაზე მაგარი ღილაკი (მარჯვნივ) - და არა მარტო ამ კლასში!

აქ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ჟღერადობის თვალსაზრისით, დიზელის ძრავები ეგებ უფრო გონივრულიც კი იყოს. მაგალითად, პირდაპირ 6-ცილინდრიანი დიზელი, რომელსაც ”მერსედესი” მოგვიანებით 258 ცხენის ძალით წარმოადგენს. BMW ამ თვალსაზრისით უფრო შორსაა წასული და X4 35d-ში 313 ცხენის ძალას გვთავაზობს.

ამრიგად, რაც არ უნდა ჰგავდნენ ერთმანეთს, ეს ავტომობილები ერთნაირები ნაღდად არ არიან. X4-ს უკეთესი სპორტული სავარძლები აქვს და მისი 8-საფეხურიანი ავტომატიკა უნაკლოდ მუშაობს. ”მერსედესში” 9-საფეხურიანი ავტომატიკაა და ის ზოგჯერ თავისებურად რთავს - BMW-ს გადაცემათა კოლოფი უკეთესია.

Auto Bild
სავარძელი ღრმადაა ჩამჯდარი, ამიტომაც რჩება თავს ზემოთ სივრცე, მაგრამ საბოლოო ჯამში ბაყაყივით ზიხარ

GLC Coupe ”ჩვეულებრივ” GLC-ზე დაახლოებით 5000 ევროთი ძვირი ღირს, ხოლო BMW X4-ზე კი, სადღაც 1000 ევროთი ძვირია. სანაცვლოდ, სერიულად მოყვება 7-დუიმიანი სენსორული ეკრანი და კიდევ რაღაც-რაღაცები. მართალია, სულ მალე ”მერსედესი” უფრო იაფ საბაზო ვერსიასაც გამოუშვებს, მაგრამ დაინტერესდება ბევრი ადამიანი 200d-თი, რომელსაც უკანა ამძრაობა ექნება? საკითხავი აი, ეს არის.
Auto Bild
დასკვნა
”მერსედესი” SUV-კუპეების კლასში მეტი სიმსუქნის დამკვირდებას ცდილობს. GLC Coupe დიდიცაა, თამამიც და X4-ზე ძვირიც. ის ფაქტი, რომ მეტ ტევადობასაც გვთავაზობს, ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია. ბენზინის საბაზო ძრავა ამ ხარს დიდად არ უხდება - დიზელის ძრავები უფრო შეეფერება და უკეთესი, უფრო რეალური ჟღერადობაც ექნება.
იოახიმ შტაატი
  • Mercedes GLC 250 Coupe
ძრავა: 4-ცილინდრიანი, Turbo; ძრავის მოცულობა: 1991 სმ3; სიმძლავრე: 155 კვტ (211 ცხ. ძ.)/5500; მაბრუნი მომენტი: 350 ნმ/1200; მაქს. სიჩქარე: 222 კმ/სთ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 7,3 წამში; ამძრაობა: სრული/9-საფ. ავტომატიკა; საწვავის ავზი: 66 ლ; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4732/1890-2096/1602 მმ; საბარგულის მოცულობა: 500-1400 ლ; წონა: 1785 კგ; საწვავის ხარჯი (EU-Mix): 6,9 ლ. Super/100 კმ; გამონაბოლქვი: 159 გ/კმ; ფასი: დაახ. 46 000 ევროდან
  • BMW X4 xDrive20i
ძრავა: 4-ცილინდრიანი, Turbo; ძრავის მოცულობა: 1997 სმ3; სიმძლავრე: 135 კვტ (184 ცხ. ძ.)/5000; მაბრუნი მომენტი: 270 ნმ/1250; მაქს. სიჩქარე: 212 კმ/სთ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 8,1 წამში; ამძრაობა: სრული/8-საფ. ავტომატიკა; საწვავის ავზი: 67 ლ; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4671/1881-2089/1624 მმ; საბარგულის მოცულობა: 500-1400 ლ; წონა: 1815 კგ; საწვავის ხარჯი (EU-Mix): 7,2 ლ. Super/100 კმ; გამონაბოლქვი: 168 გ/კმ; ფასი: დაახ. 45 000 ევროდან

იხილეთ ვიდეო:



ასევე დაგაინტერესებთ:
გოძილაზე ძლიერი?
ახალი Honda NSX VS Nissan GT-R (+ VIDEO)

Auto Bild


მერსედესის, ბენტლის და რენჯ როვერის
სუპერ-SUV-ების შედარება

Auto Bild


იტალიური BMW - ალფა რომეო ჯულია
Auto Bild


სუპერსპორტულების დუელი: Audi R8 VS Porsche 911 (+ ვიდეო)
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2017-01-10 11:12:03
”ტოიოტამ” დეტროიტის ავტოშოუზე ახალი Camry წარმოადგინა. იაპონელთა ბესტსელერს აშშ-ის ბაზარზე ახლა უფრო ემოციური დიზაინი აქვს და ახალი ძრავებიც მიიღო.
article image
Cat Image
2017-01-09 12:09:06
ახალი ცხვირი, ახალი ტექნიკა: ”მერსედესმა” თავისი კომპაქტური SUV, პოპულარული GLA განაახლა.
article image
Cat Image
2017-01-04 12:02:45
”კიამ” ახალი ”პიკანტოს” პირველი ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნდა, რომლებზეც კორეელთა მცირელიტრაჟიანი
სხვა სიახლეები
20.01.2017
ადრეც ვწერდით, რომ BMW წარმოებისთვის თავის ახალ დიდ SUV-ს, მოდელ X7-ს ამზადებს.
სრულად
20.01.2017
„ეარბასის“ ჯგუფი წლის ბოლოს ავტონომიური მფრინავი ავტომობილის ტესტირების დაწყებას აპირებს. მფრინავი მანქანა სპეციალურად
სრულად
19.01.2017
გამოსვლის დღიდან, BMW M2-მა უამრავი ქება-დიდება დაიმსახურა. ბევრი მას გერმანული კომპანიის M-მოდელებს შორის, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესოსაც კი უწოდებს.
სრულად
ახალი ნომერი