KIA-ს ქართული მომავალი
KIA-ს ქართული მომავალი
03.01.2017
საავტომობილო სამყაროს ბოლო ტენდენციებიდან გამომდინარე უკვე აშკარაა, რომ მომავალი ელექტრომობილებს ეკუთვნის. დღეს, თანამედროვე მსოფლიოში, რამდენიმე რეალური პრობლემა არსებობს: ადგილი და ეკოლოგია. ეს განსაკუთრებით დიდ ქალაქებში იგრძნობა. ამ საკითხების გადასაწყვეტად, საჭიროა ახალი ტიპის ტრანსპორტის შექმნა. აქ კი ქართველებსაც შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ.

რადგან ჩემი ძირითადი პროფესიული საქმიანობა დიზაინია, გადავწყვიტეთ, ქართულ AUTO BILD-თან ერთად, გაგვეკეთებინა სრულიად ახალი მიმართულება - პერსპექტიული მოდელები! ეს იქნება ექსკლუზიურად შექმნილი მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მომავლის ავტომობილები და თქვენ იქნებით პირველები, ვინც ამ მოდელებს იხილავს და ამის შესაძლებლობა მხოლოდ ქართული AUTO BILD-ის ფურცლებზე გექნებათ. მაშ ასე, თქვენს წინაშეა თანამედროვე დიზაინის და ტექნოლოგიების ქართული ხედვა!

Auto Bild

ყველა დიდ ავტომწარმოებელს აქვს პერსპექტიული დიზაინის მიმართულება. მას ჰქვია Advanced Design და იქ მუშაობენ კონკრეტული ბრენდის მომავლის ავტომობილებზე. ახალი ქალაქის ტრანსპორტის შექმნის იდეა არა მხოლოდ არსებული რეალობიდან გამომდინარეობდა, არამედ მომავალში წარმოქმნილი პრობლემებიდან. ავტომობილის ფუნქციას უნდა განესაზღვრა მისი ფორმები. ის უნდა ყოფილიყო უსაფრთხო, თანამედროვე, ურბანული და ეკოლოგიური. ამ ტიპის ტრანსპორტს რამდენიმე თავისებურება ახასიათებს. პირველ რიგში მათი უმეტესობა ოთხბორბლიანია, თუმცა არსებობს სამბორბლიანი ვერსიებიც. ამ უკანასკნელის შემთხვევაში კონსტრუქცია და ტექნიკური ნაწილი ცოტა უფრო რთულდება. აქედან გამომდინარე იზრდება ფასიც. ამიტომ, 4-ბორბლიანი ვერსია გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი და მოსახერხებელია. მეორე დამახასიათებელი თვისება არის მგზავრების კაფსულის საზღვრებს გარეთ გამოტანილი ბორბლები, დაახლოებით ისე, როგორც ეტლებს აქვთ. ასეთი ავტომობილების უმრავლესობას შეუძლია გადაიყვანოს 2, ან მაქსიმუმ 3 მგზავრი. არსებობს 1-ადგილიანი ვერსიებიც, მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით, ეს კონცეფცია საინტერესო არ არის. ზოგადად, ამ ტიპის ტრანსპორტი მოტოციკლეტის და ავტომობილის ნაზავია. დახურული ძარის გამო შესაძლებელია დამცავი შლემის გარეშე კომფორტულად გადაადგილება.

ერთ-ერთი პირველი ასეთი ტრანსპორტი კომპანია Renault-მ წარმოადგინა. 2009 წლის ფრანკფურტის საერთაშორისო ავტოსალონზე საზოგადოებამ იხილა ექსპერიმენტული Twizy. მაშინ ფიქრობდნენ, რომ ეს ფრანგული ბრენდის მორიგი შოუ-ქარი იყო, მაგრამ ”რენომ” მოდელი რეალობად აქცია და 2012 წლიდან სერიულ წარმოებაში ჩაუშვა. Twizy ნახევარ ტონაზე ნაკლებს იწონის და აღჭურვილია ელექტრო ძრავით, რომელიც 20 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მაქსიმალური სიჩქარე 80 კმ/სთ-ია, ხოლო ერთი დამუხტვით, დაახლოებით 100 კილომეტრის გავლა შეუძლია.
Auto Bild
ქალაქის ტრანსპორტის აქტუალურობის მხრივ ყველაზე საინტერესო 2011 წელი იყო. ფრანკფურტის საერთაშორისო ავტოშოუზე დიდმა გერმანულმა სამეულმა ”აუდიმ”, ”ფოლკსვაგენმა” და ”ოპელმა” წარადგინეს კონცეპტუალური ურბანული ელექტრო მოდელები. საკითხს ევროპელები საკმაოდ სერიოზულად მოეკიდნენ. ”აუდისთვის” ამ ტიპის ტრანსპორტი ისტორიაში პირველი იყო. Urban დანარჩენებისგან დახვეწილი და დინამიკური ფორმებით გამოირჩეოდა. მძღოლი და მგზავრი სალონში ჭადრაკის დაფის პრინციპით სხედან. ავტომობილის კონსტრუქციაში ფართოდ არის გამოყენებული ულტრათანამედროვე მასალები. Audi-ს გადაწყვეტილი ჰქონდა BMW i-ს სერიის მსგავსი ელექტრო ავტომობილების შექმნა, თუმცა ეს იდეა ჯერჯერობით შეჩერებულია.

საინტერესო იყო ამავე წლის ტოკიოს ავტოშოუც, სადაც იაპონურმა ბრენდებმა ევროპელების გამოწვევას უპასუხეს. Suzuki Q-Concept, Honda Micro Commuter და Daihatsu Pico ფუტურისტული ფორმებით და თანამედროვე ტექნიკით გამოირჩევიან . Suzuki-ს ხედვა საკმაოდ გაბედული და მიმზიდველია. უზარმაზარი კარები გვერდიდან ძარის დიდ ნაწილს ფარავს და გახსნის დროს ბრუნავს, დაახლოებით ისე როგორც Lamborgini-ს კარებები. გახსნის შემდეგ მძღოლის სავარძელი გახსნილი კარებისკენ ბრუნავს, რაც ჩაჯდომა-გადმოსვლას გაადვილებს. Honda Micro Commuter-ის ინტერიერში კონკურენტებისგან განსხვავებით სამი ადამიანი თავსდება. ავტომობილის ტექნიკური მონაცემები პროექციით გამოდის პირდაპირ საქარე მინაზე. Honda-ს 60 კილომეტრის გავლა შეუძლია და მაქსიმალური სიჩქარე 60 კმ/სთ-ია. 2012 წელს კონცეპტუალური Micro Commuter-ი იაპონელებმა სრულიად რეალურ პროტოტიპად აქციეს, მაგრამ სერიულ წარმოებაში მაინც არ ჩაუშვეს.

Auto Bild

მოგვიანებით, 2013 წელს, Toyota-ამ ჟენევის საერთაშორისო ავტოშოუზე წარადგინა ქალაქის ელექტრო ტრიციკლის კონცეპტი i-Road, რომელიც სამბორბლიანი იყო და მოხვევის დროს იხრებოდა როგორც მოტოციკლი. დახრის კუთხე გიროსკოპის, ტრიციკლის სიჩქარის და მოხვეული ბორბლის მონაცემების მიხედვით ელექტრონულად კონტროლდება. 300-კილოგრამიანი i-Road-ის მაქსიმალური სიჩქარე 45 კმ/სთ-ია, ხოლო ერთ დამუხტვაზე 50 კილომეტრის გავლა შეუძლია. Toyota-ამ ეს კონცეპტუალური ნამუშევარი უკვე 2014 წელს ტესტებზე გაუშვა. კომპანიის მიზანია i-Road-ი ჩასვას ქალაქის ტრანსპორტის ქსელში. სმარტფონის დახმარებით თქვენ შეძლებთ დაგეგმოთ მარშუტი და იქირაოთ ელექტრო ტრიციკლი.

Auto Bild

თითქმის ყველა ავტომწარმოებელი ნელა მაგრამ მაინც ახორციელებს ამ იდეას, მაგრამ კორეელები ჩამორჩებიან. მათი უკანასკნელი მოდელები გამორჩეულია არა მარტო დიზაინით, არამედ მაღალი ტექნოლოგიებითაც, თუმცა სად არის ქალაქის მომავლის ელექტროტრანსპორტი? არც Hyundai-ს და არც Kia-ს ამ მიმართულებით არაფერი არ შეუქმნია. მიზეზი გასაგებია, მათ ჯერ ადგილი უნდა დაემკვიდრებინათ მოთხოვნად კლასებში. დღეს, როდესაც კორეელებმა მიზანს მიაღწიეს, თამამად შეუძლიათ ახალ კლასებშიც მოსინჯონ ძალები. ამ ორი ბრენდიდან მე Kia შევარჩიე, რადგან Hyundai-მ მაღალი კლასის ბიზნეს სედანი Genesis სუბ-ბრენდად აქცია და ძვირადღირებული ავტომობილების წარმოების კუთხით აპირებს განვითარებას. Kia უფრო ხელმისაწვდომი დარჩა და სწორედ ამიტომ, ქალაქის ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი Kia-ს ბრენდის სახელით შევქმენი.

Auto Bild

Kia-ს ელექტრო ტრანსპორტისთვის შევარჩიე სახელი Funny, რაც ინგლისურიდან ქართულად ითარგმნება როგორც ”მხიარული”. სახელი პირველ რიგში მიანიშნებს ამ ავტომობილის მიზნობრივ აუდიტორიაზე, რომელიც დიდი ალბათობით იქნებიან აქტიური ცხოვრების მოყვარული ახალგაზრდები. სახელი Funny უფრო მეტ ყუარდღებას იმსახურებს - როგორც რეალურ ცხოვრებაში, ასევე ინეტერნეტ სამყაროში. ეს კი საშუალებას იძლევა, მეტი ადამიანი დაინტერესდეს ამ ტიპის ტრანსპორტით.

Auto Bild

Kia Funny ბრენდის აქტუალურ სტილშია გადაწყვეტილი. ორ ფერში შესრულებული ძარა ფართო არჩევანის საშუალებას იძლევა. მცირე ზომების გამო ტრანსპორტი უფრო მობილური და პრაქტიკულია. Kia-ს ეკოლოგიური ავტომობილი აღჭურვილია ერთი ელექტროძრავით, რომელიც განლაგებულია უკან, ბორბლებს შორის. ზოგადად ელექტრომოტორი საკმაოდ პატარაა და დიდ ადგილს არ იკავებს. თუმცა ბევრი სივრცეა საჭირო ელემენტებისთვის, რომელიც ამ შემთხვევაში ავტომობილის იატაკში არის განთავსებული. Funny გათვლილია ორ მგზავრზე, რომლებიც სალონში თეატრის პრინციპით სხედან. ინტერიერის მთავარი დეტალი არის პლანშეტის ტიპის ხელსაწყოთა პანელი, სადაც ავტომობილის ყველა ტექნიკური მონაცემია თავმოყრილი. ეკრანზე ხელის შეხებით შესაძლებელია სხვადასხვა ფუნქციების ჩართვა-გამორთვა. ამავე ეკრანზე გამოდის - ელემენტებში დარჩენილი ენერგიის რაოდენობა, მულტიმედიური ფუნქციები და ნავიგაციის მონაცემები.

Funny-ს ძარის ორივე მხარეს აქვს საკამაოდ დიდი გამჭვირვალე კარები, რომლებსაც უსაფრთხოების მიზნით შუაში მეტალის ჩარჩო აქვს ჩამატებული. მგზავრების კაფსულის გარეთ გამოტანილი ბორბლები დახურულია და ზემოდან სპეციალური განათება აქვს. ეს იმისათვის, რომ ღამით სხვა ავტომობილის მძღოლმა ზუსტად აღიქვას არასტანდარტული Kia Funny ზომები. მგაზვრის სავარძლის უკან კი მცირე ზომის საბარგულია.

Auto Bild

Kia Funny - ეს არის მიმართულება, საითაც დღევანდელი მსოფლიო უნდა განვითარდეს. თანამედროვე ტექნოლოგიები უკვე იძლევა ამ იდეის განხორციელების შესაძლებლობას. ახალი ტიპის ქალაქის ტრანსპორტი ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პრობლემას წყვეტს. სამყაროში ყველაზე ძვირად ფასობს იდეა და ის შეიძლება დაიბადოს საქართველოშიც! საინტერესო იდეებს არ აქვს საზღვრები!
გიორგი თედორაძე

Auto Bild
გიორგი თედორაძე ინდუსტრიული დიზაინერია. 2007 წლიდან აქტიურად მუშაობს ავეჯის, შეფუთვის, პროდუქტის და ტრანსპორტის დიზაინზე.

ასევე დაგაინტერესებთ:
ავტოდიზაინის საიდუმლო სამყარო
Auto Bild
ბეჭდვა
article image
2017-05-18 06:53:04
პირველი ჯიპი 1940 წელს დაიბადა და მეორე მსოფლიო ომში წავიდა. ხელმეორედ დაბადების მისია მშვიდობიანია
article image
Cat Image
2017-05-03 07:17:11
საჭის მექანიზმი ოთხი თვლის მართვით - ეს Aventador S-ის უმთავრესი სიახლეა, რისი წყალობითაც ”ლამბო” უფრო მძაფრად დადის
article image
Cat Image
2017-04-25 06:00:00
ჟენევის ავტოშოუდან ლონდონის ქუჩებისკენ - AUTO BILD-მა I-Pace-ით ექსკლუზიურად გაისეირნა
სხვა სიახლეები
22.05.2017
როცა ქართველ მრბოლელებს საერთაშორისო ასპარეზზე მონაწილეობის საშუალება ეძლევათ, თითქმის ყოველთვის ამტკიცებენ თავიანთ შესაძლებლობებს!
სრულად
17.05.2017
Land Rover-ის ავტომობილების ექსკლუზიურმა დილერმა საქართველოში "ჯი თი მოტორსმა" საზოგადოებას ახალი, შვიდადგილიანი Land Rover დისქავერი წარუდგინა.
სრულად
17.05.2017
დღეს დილიდან, წამყვანი ბრიტანული გამოცემების ვებ-გვერდებზე ძალიან საინტერესო ინფორმაცია აღმოვაჩინეთ!
სრულად
ახალი ნომერი